---
title: "მუხლი 71⁶. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობები — პატიმრობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/71-6"
law: "პატიმრობის კოდექსი"
article: "71^6"
identifier: "2696"
adopted: "2010-03-09"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 71⁶. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობები — პატიმრობის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-01-01.
> Cite as: პატიმრობის კოდექსი, მუხლი 71⁶ (consolidated as of 2023-12-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/71-6

1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, თავსდება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ საცხოვრებელში.

2. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულზე ამ დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ვრცელდება ის უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დადგენილია შესაბამისი რისკის მსჯავრდებულისთვის.

3. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, დატოვოს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ერთ-ერთი შემდეგი პირობითა და ვადით:
ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში, სამუშაო ან/და სასწავლო გრაფიკის შესაბამისად;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში;
გ) დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, 1 კვირის განმავლობაში არაუმეტეს 3 დღე-ღამისა.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით:
ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;
ბ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოცხადებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი.

5. მსჯავრდებულს, რომელმაც ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დატოვა გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, ეკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/71-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/71-7.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
