---
title: "მუხლი 84. დისციპლინური სამართალწარმოება — პატიმრობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/84"
law: "პატიმრობის კოდექსი"
article: "84"
identifier: "2696"
adopted: "2010-03-09"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 84. დისციპლინური სამართალწარმოება — პატიმრობის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-01-01.
> Cite as: პატიმრობის კოდექსი, მუხლი 84 (consolidated as of 2023-12-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/84

1. დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს.

1¹. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება უფლება – მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.

3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს.

4. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.

5. ზეპირი მოსმენის დროს ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება.

6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ქცევა, აგრეთვე გარემოებები, რომლებშიც იქნა ჩადენილი დისციპლინური დარღვევა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განმარტება დარღვევასთან დაკავშირებით. საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, რომელიც ტარდება ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებული/ მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.

8. ზეპირი სხდომა დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავისი ქმედებით არღვევს წესრიგს, არ ცხადდება სხდომაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას.
საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2241 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/83.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/85.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
