---
title: "მუხლი 18. შიდა აუდიტის სუბიექტის უფლებამოსილება და მიზნები — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/18"
law: "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"
article: "18"
identifier: "2839"
adopted: "2010-03-26"
consolidated_as_of: "2023-10-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. შიდა აუდიტის სუბიექტის უფლებამოსილება და მიზნები — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-10-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2023-10-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/18

1. შიდა აუდიტის სუბიექტის უფლებამოსილება ვრცელდება იმ დაწესებულების სისტემაზე, სადაც ის არის ჩამოყალიბებული.

2. შიდა აუდიტი ეხმარება დაწესებულებას მიზნების მიღწევაში შემდეგი საქმიანობების განხორციელებით: ა) დაწესებულების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება; დ) დაწესებულების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ვ) დაწესებულების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

3. შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს დაწესებულების სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.

4. შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი № 4675 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/19.md
