---
title: "მუხლი 4. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის გარანტიები — გენდერული თანასწორობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/4"
law: "გენდერული თანასწორობის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 91624"
adopted: "2010-03-26"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის გარანტიები — გენდერული თანასწორობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გენდერული თანასწორობის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/4

1. სახელმწიფო ხელს უწყობს და უზრუნველყოფს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და  კულტურულ ცხოვრებაში ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლებებს, ასევე უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის რეალური თანასწორობის დამკვიდრების სტიმულირებას და ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრას.

2. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის მიზნით, დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოფილია:
ა) ქალისა და მამაკაცის თანასწორი ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები;
ბ) ქალისა და მამაკაცისთვის განათლების მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობა და განათლების თავისუფალი არჩევანი სწავლების ყველა ეტაპზე;
გ) მეუღლეთა უფლებრივი თანასწორობა;
დ) შვილებთან დაკავშირებული თანასწორი უფლებები და მოვალეობები;
ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებები და მოვალეობები – იყვნენ ბავშვთა მეურვეები, მზრუნველები, რწმუნებულები, მშვილებლები;
ვ) ოჯახსა და საზოგადოებაში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა;
ზ) პროფესიის ან სამუშაოს სახეობის თავისუფლად არჩევა, თანამდებობრივი დაწინაურება, პროფესიული მომზადება/გადამზადება;
თ) საჯარო სამსახურში თანამდებობის პროფესიის, უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად დაკავება;
ი) ქალისა და მამაკაცის მიმართ თანასწორი მოპყრობა მუშაობის ხარისხის შეფასებისას;
კ) ქალისა და მამაკაცის თანაბარი სოციალური უზრუნველყოფა ავადმყოფობისას და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას;
ლ) ქალისა და მამაკაცისთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნა ჯანმრთელობის დაცვისას;
მ) ქალისა და მამაკაცისთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნა ინფორმაციის ხელმისაწვდომობისას.

3. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ამ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებს.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2432 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №428 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/5.md
