---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/2"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/2

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი) – საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) საერთაშორისო ბიურო – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურო; გ) პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს); გ 1 ) „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენცია − „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ 1928 წლის 22 ნოემბრის პარიზის კონვენცია; დ) დიზაინერი – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა დიზაინი; ე) თანადიზაინერი – ფიზიკური პირი, რომელმაც სხვა ფიზიკურ პირთან (პირებთან) ერთობლივი ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად შექმნა დიზაინი; ვ) დიზაინის მფლობელი – პირი, რომელსაც აქვს დიზაინზე განსაკუთრებული უფლება და რომელიც საქპატენტმა დაარეგისტრირა რეესტრში დიზაინის მფლობელად; ზ) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად დიზაინის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი გაცემის მომენტისათვის დიზაინის საქპატენტში რეგისტრაციის ფაქტს; თ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს დიზაინის რეგისტრაციას; ი) განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად დიზაინის რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა; კ) ჰააგის შეთანხმება – დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ჰააგის შეთანხმების 1960 წლის 28 ნოემბრის ჰააგის ან/და 1999 წლის 2 ივლისის ჟენევის აქტები; ლ) საერთაშორისო დიზაინი – ჰააგის შეთანხმების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე უფლებების გავრცელების მოთხოვნით საერთაშორისო ბიუროს მიერ რეგისტრირებული დიზაინი; მ) დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაცია – 1968 წლის 8 ოქტომბერს ხელმოწერილი დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ლოკარნოს შეთანხმებით შემოღებული საერთაშორისო კლასიფიკაცია; ნ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომელიც აქვს განაცხადს მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით; ო) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში; პ) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში; ჟ) სააპელაციო პალატა – საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული, საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატა. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/3.md
