---
title: "მუხლი 32. კერძო ლიცენზია დიზაინის გამოყენებაზე — დიზაინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/32"
law: "დიზაინის შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 92140"
adopted: "2010-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. კერძო ლიცენზია დიზაინის გამოყენებაზე — დიზაინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიზაინის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/32

1. დიზაინის მფლობელს უფლება აქვს, გასცეს კერძო ლიცენზია დიზაინის გამოყენებაზე.

2. კერძო ლიცენზია არ არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზია.

3. კერძო ლიცენზიის ხელშეკრულება ფორმდება წერილობით. კერძო ლიცენზიაში უნდა განისაზღვროს დიზაინის გამოყენების ფარგლები.

4. კერძო ლიცენზია შეიძლება იყოს ექსკლუზიური ან არაექსკლუზიური. თუ კერძო ლიცენზიის ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის ლიცენზიის სახე, მიიჩნევა, რომ კერძო ლიცენზია არაექსკლუზიურია.

5. არაექსკლუზიური კერძო ლიცენზიის გაცემა ლიცენზიის გამცემს არ უკარგავს ანალოგიური პირობებით სხვა ლიცენზიის გაცემის უფლებას.

6. ექსკლუზიური კერძო ლიცენზია ლიცენზიის გამცემს უკარგავს ანალოგიური პირობებით სხვა ლიცენზიის გაცემის უფლებას.

7. კერძო ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი დიზაინის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებათა დარღვევის შესახებ, თუ დიზაინის მფლობელი უფლებათა დარღვევის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში თვითონ არ შეიტანს სარჩელს.

8. კერძო ლიცენზიის ხელშეკრულება და მასში შეტანილი ცვლილებები შეიძლება დარეგისტრირდეს რეესტრში.

9. თუ კერძო ლიცენზიის ხელშეკრულება ითვალისწინებს შეზღუდვას მხოლოდ განსაზღვრულ ბაზარზე დიზაინის შექმნასთან, გავრცელებასთან ან/და ექსპორტთან დაკავშირებით, შესაბამისი აღნიშვნა უნდა გაკეთდეს პროდუქტის საეტიკეტო მონაცემებში. თუ ასეთი აღნიშვნა არ არსებობს, კერძო ლიცენზიის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეზღუდვას არა აქვს ძალა მესამე პირისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92140-dizainis-shesakheb/33.md
