---
title: "მუხლი 7. სადაზვერვო დაწესებულებები — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/7"
law: "სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 92242"
adopted: "2010-04-27"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. სადაზვერვო დაწესებულებები — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სადაზვერვო საქმიანობის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/7

1. (ამოღებულია).

2. სადაზვერვო დაწესებულებებია: დაზვერვის სააგენტო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სადაზვერვო ქვედანაყოფები.

3. სადაზვერვო დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას შემდეგ სფეროებში: ა) დაზვერვის სააგენტო – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროებში; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფები – სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ, სამხედრო-ეკონომიკურ, სამხედრო-ტექნიკურ, ინფორმაციულ და ეკოლოგიურ სფეროებში; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სადაზვერვო ქვედანაყოფები – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროებში.

4. სადაზვერვო დაწესებულებების სტრუქტურა, ხელმძღვანელობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურეზე ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფის მოსამსახურეზე − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სადაზვერვო ქვედანაყოფის მოსამსახურეზე − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები.

6. აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სადაზვერვო დაწესებულების მოსამსახურე შეიძლება მივლენილ იქნეს სხვა სადაზვერვო დაწესებულებაში.

7. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს სადაზვერვო საქმიანობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის ან სადაზვერვო დაწესებულების მოქმედებებში, გარდა კანონით საამისოდ უფლებამოსილი პირისა.

8. პირი, რომელიც დაიშვება სადაზვერვო დაწესებულების მონაცემებთან, გადის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან დაშვებისათვის აუცილებელ პროცედურას. ეს პროცედურა მოითხოვს პირის მიერ ამ მონაცემთა გაუმჟღავნებლობის შესახებ წერილობითი ვალდებულების აღებას. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ისჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9. სადაზვერვო დაწესებულებათა ისტორიული და მეცნიერული ღირებულების მქონე დოკუმენტები „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაიდუმლოების შემდეგ მუდმივი შენახვისათვის გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –საქართველოს ეროვნულ არქივს.

10. სადაზვერვო დაწესებულებათა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს მათი საკადრო შემადგენლობისა და იმ პირთა ან/და ორგანიზაციათა შესახებ, რომლებიც მათთან კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ), აგრეთვე ამ დაწესებულებათა მიერ გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ, ინახება ამ დაწესებულებათა არქივებში და განსაიდუმლოებას არ ექვემდებარება. გამონაკლისია ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

11. არავის არა აქვს უფლება , მოითხოვოს ინფორმაცია იმ პირთა ან ორგანიზაციათა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ) სადაზვერვო დაწესებულებასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი პირისა . საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №761 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92242-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/8.md
