---
title: "მუხლი 23. იმ პირის უფლებები და მოვალეობები, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სააგენტოსთან — საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/92248-sakartvelos-dazvervis-samsakhuris-shesakheb/23"
law: "საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 92248"
adopted: "2010-04-27"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. იმ პირის უფლებები და მოვალეობები, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სააგენტოსთან — საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/92248-sakartvelos-dazvervis-samsakhuris-shesakheb/23

1. სააგენტო უფლებამოსილია სადაზვერვო საქმიანობის მიზნების მისაღწევად ითანამშრომლოს იმ პირთან, რომელმაც ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა მასთან სათანადო ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე კონფიდენციალურ თანამშრომლობაზე. აღნიშნულ პირთან სააგენტოს თანამშრომლობის წესი და ფორმები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ნორმატიული აქტით.

2. პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, უფლება აქვს: ა) სააგენტოსთან დადოს კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება ან მასთან სხვა ფორმით ითანამშრომლოს; ბ) სააგენტოს მოსამსახურეებისგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლებებისა და მოვალეობების შესახებ; გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს სააგენტოს მიერ დაშიფრული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები); დ) მიიღოს სათანადო ანაზღაურება; ე) მიიღოს იმ ზიანის ან ზარალის კომპენსაცია, რომელიც მიადგა მის ჯანმრთელობას ან ქონებას სააგენტოსთან მისი თანამშრომლობის პერიოდში.

3. პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, ვალდებულია: ა) არ გაამჟღავნოს სააგენტოსთან თანამშრომლობის ფაქტი და პირობები; ბ) არ მიაწოდოს სააგენტოს ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია; გ) დაიცვას მისთვის განდობილი ან ცნობილი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/92248-sakartvelos-dazvervis-samsakhuris-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/92248-sakartvelos-dazvervis-samsakhuris-shesakheb/24.md
