---
title: "მუხლი 68. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/68"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "68"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 68 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/68

1. საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს.

2. გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა, თუ იგი ქონებრივ უფლებებს არ ეხება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არ არის მათი ადგილობრივი განსჯადობა.

4. თუ სამართალწარმოება მიმდინარეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა შესაძლებელია საქართველოში ამ საქმის დამთავრების შემდეგ.

5. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/67.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/69.md
