---
title: "მუხლი 11. კანონში მოცემული ტერმინების განმარტება — ნიადაგის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/11"
law: "ნიადაგის დაცვის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 93874"
adopted: "1994-05-12"
consolidated_as_of: "2021-11-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. კანონში მოცემული ტერმინების განმარტება — ნიადაგის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2021-11-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნიადაგის დაცვის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2021-11-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/11

1. ნიადაგი – დედამიწის ფხვიერი ზედა ნაწილი, რომელიც შექმნილია ქანების, კლიმატის, ბიოსფეროს, რელიეფის ხნოვანების და ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ურთიერთქმედებით.

2. ნიადაგის ეროზია − ბუნებრივი ან ანთროპოგენური ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ნიადაგური მასის რღვევა, დაშლა, გადატანა, ჩამორეცხვა.

3. დაჭაობება – პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ნიადაგში ტენიანობის გაზრდის შედეგად, თან სდევს მცენარეულობის, მიკროფლორის, ჟანგვა - აღდგენის რეჟიმის შეცვლა, რკინის ქვეჟანგისა და დაუშლელი ორგანული ნივთიერების დაგროვება.

4. დამლაშებული ნიადაგი – წყალში ხსნადი მარილებით მდიდარი ნიადაგი, რომელიც აბრკოლებს კულტურული მცენარეების განვითარებას.

5. ბიცობი – ნიადაგის ტიპი, რომელსაც პროფილში ნატრიუმიანი ჰორიზონტი გამოსახული აქვს ზედაპირიდან 100 სმ ფარგლებში.

6. მჟავე ნიადაგი – ნიადაგი, რომელსაც ახასიათებს ფუძეებით ნიადაგის მაძღრობის დაბალი ხარისხი და მჟავე აქვს რექცია (PH 60- ზე).

7. ძლიერი ქვიანობა – ნიადაგის ზედაპირის 20-40%- ით დაფარულობა 5 სმ და მეტი ზომის ქვებით.

8. ნიადაგის ბონიტირება – ნიადაგის, როგორც სოფლისა და სატყეო მეურნეობის წარმოების საშუალებების, ხარისხის შედარებითი შეფასება, გამოხატული რაოდენობრივი მაჩვენებლებით დაფუძნებული ნიადაგისა და მოსავლის დონის აღრიცხვაზე.

9. ნიადაგის ტიპი – ნიადაგის კლასიფიკაციის ძირითადი ტაქსონომიური ერთეული, მასში გაერთიანებული ნიადაგები ვითარდება ერთ ტიპურ ბიოლოგიურ, კლიმატურ და ჰიდროლოგიურ პირობებს.

10. ჰუმუსი – ნიადაგის სპეციალური და არასპეციალური ორგანული ნივთიერებების ერთობლიობა, მუქად შეფერილი უფორმო მასა, რომელიც არ შეიცავს ცოცხალ ორგანიზმებსა და მათი ნარჩენების ისეთ მინარევებს,  რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ უჯრედული აგებულება.

11. რადიონუკლიდები – ატომური იარაღის აფეთქების შედეგად ნიადაგში მოხვედრივი სხვადსხვა ქიმიური ელემენტები: Sr, Zn, J და სხვა.

12. ბიოსფერო – bios – სიცოცხლე, sphaiza – სფერო, აქტიური ცხოველმყოფელობის არეალი, რომლის შედგენილობა, სტრუქტურა და ენერგეტიკა განპირობებულია ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფელობით.

13. რეკულტივაცია – re – განმეორებითი, cultivo – მიწების ნაყოფიერებისა და სასოფლო - სამეურნეო თვისებების აღდგენის კომპლექსური სამუშაოები.

14. მონიტორინგი – ნიადაგში მიმდინარე პროცესების ცვლილებებზე დაკვირვება დროსა და სივრცეში.

15. მაღალმთიანი რეგიონი – „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება.

16. ნახირი – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

17. ფარა – წვრილფეხა პირუტყვი (ცხვარი, თხა).

18. მაღალმთიანი საძოვრები – მაღალმთიან რეგიონებში არსებული საძოვრები.

19. ვერტიკალური ძოვება – ნახირისა და ფარის ძოვება ჰიფსომეტრული სიმაღლის მიხედვით სხვადასხვა ზონებში.

20. მიწების მელიორაცია – ჰიდრომელიორაციული, კულტურ-ტექნიკური, რეკულტივაციის, ქიმიური, აგროტექნიკური, სატყეო-სამელიორაციო, ნიადაგდაცვითი და სხვა სახის კომპლექსური ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს მიწების მაღალეფექტიან სასოფლო-სამეურნეო გამოყენებას, ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური, ქიმიური, წყალ-ჰაეროვანი თვისებების გაუმჯობესებას, ნაყოფიერების ამაღლებას და მცენარეთა ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნას.

21. პირველადი წყალმოსარგებლე – პირი, რომელსაც სამელიორაციო ინფრასტრუქტურა გადაეცა განკერძოებულ სარგებლობაში და რომელიც უზრუნველყოფს მის ექსპლუატაციას. საქართველოს  2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1751 - სსმ I, № 31, 10.12.2002 წ. მუხ.138 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4143 - სსმI,№76, 29.12.2010წ. მუხ.516 საქართველოს 2015 წლის 16 ივლისის კანონი №4040 - ვებგვერდი, 28.07.2015წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №973 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/12.md
