---
title: "მუხლი 4. ნიადაგის დაცვის მიზნით დაწესებული აკრძალვები — ნიადაგის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/4"
law: "ნიადაგის დაცვის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 93874"
adopted: "1994-05-12"
consolidated_as_of: "2021-11-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ნიადაგის დაცვის მიზნით დაწესებული აკრძალვები — ნიადაგის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2021-11-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნიადაგის დაცვის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2021-11-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/4

ნიადაგის დაცვის მიზნით იკრძალება: ა) ნაყოფიერი ნიადაგის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება; ბ) არასასოფლო-სამეურნეო ხასიათის ნებისმიერი საქმიანობა ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოუხსნელად, მის დაუკონსერვებლად და დანიშნულებისამებრ გამოუყენებლად; გ) ტერიტორიის ღია კარიერული წესით დამუშავება, რომელიც არ ითვალისწინებს დარღვეული ნიადაგის რეკულტივაციას; დ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა ანგარებით ან პირადი სარგებლობის მიზნით; ე) ფერდობების დატერასება ნიადაგის შერჩევისა და სათანადო დაპროექტების გარეშე; ვ) საძოვრების გამწირება უწესრიგო ძოვებით; ზ) ტყით სარგებლობის დროს ნიადაგის საფარის დაზიანება; თ) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების გაკაფვა-გადაკეთება, ნიადაგდამცავ ნაგებობათა დაზიანება; ი) ყოველგვარი ქმედება, რომელიც გააუარესებს ნიადაგის თვისებებს; კ) სასუქების, ქიმიური მელიორანტების და სხვა საშუალებების გამოყენება, რომელიც არ არის გამოცდილი საქართველოს პირობებში, არა აქვს გავლილი შესაბამისი ნიადაგურ-ეკოლოგიური ექსპერტიზა და არ არის შემოწმებული, რეგისტრირებული და ნებადართული შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ; ლ) ნიადაგების ყოველგვარი გაჭუჭყიანება და დანაგვიანება ; მ) მაღალმთიან საძოვრებზე დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებული რაოდენობით ნახირისა და ფარის ძოვება, რაც იწვევს ეროზიულ პროცესებს; ნ) მაღალმთიან რეგიონებში დეკასა და გადაშენების პირას მისული სხვა სუბალპური და ალპური მცენარეულობის საწვავად და სხვა მიზნით მოსახმარებლად მოპოვება. საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1751 - სსმ I, №31, 10.12.2002 წ. მუხ.138 საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №973 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/3-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/5.md
