---
title: "ციფრული ასლი თუ საკუთრება: რას ყიდულობს მოთამაშე GTA VI-ის შემთხვევაში სინამდვილეში?"
url: "https://legal.ge/ka/news/tsifruli-asli-tu-sakutreba-ras-yidulobs-motamashe-gta-vi-is-shemtkhvevashi-sinamdvileshi-ka"
published: "2026-11-26"
updated: "2026-11-26"
publisher: "Legal.Ge"
---

# ციფრული ასლი თუ საკუთრება: რას ყიდულობს მოთამაშე GTA VI-ის შემთხვევაში სინამდვილეში?

> Source: Legal.Ge, https://legal.ge/ka/news/tsifruli-asli-tu-sakutreba-ras-yidulobs-motamashe-gta-vi-is-shemtkhvevashi-sinamdvileshi-ka
> ვერიფიცირებული სპეციალისტები ამ საკითხზე Legal.Ge-ზე: [ლიანა ზაგაშვილი](https://legal.ge/ka/specialists/liana-zagashvili-ka), [სალომე კობერიძე](https://legal.ge/ka/specialists/salome-koberidze-ka), [გიორგი საბანაშვილი](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-sabanashvili-ka)

**ციფრული ასლი თუ საკუთრება: რას ყიდულობს მოთამაშე GTA VI-ის შემთხვევაში სინამდვილეში?**

**_GTA VI, საბოლოო მომხმარებლის სალიცენზიო შეთანხმება (EULA) და საავტორო უფლების ამოწურვის პრინციპი ციფრულ ბაზარზე_**

2026 წლის 19 ნოემბერს გამოვიდა Grand Theft Auto VI, რომელსაც მოთამაშეები GTA V-ის შემდეგ 13 წელზე მეტხანს ელოდნენ. თამაშის გამოშვებას თან ახლდა დავა, რომელიც თავად თამაშს გასცდა. Rockstar Games-მა გამოსვლისას თამაში დისკზე არ გამოუშვა, მაღაზიებში გაყიდულ ყუთში კი მხოლოდ ჩამოტვირთვის კოდი დევს. ზაფხულში გავრცელებულ ვიდეოფრაგმენტებს CyberLeek-ის სახელით მოქმედ ანგარიშს მიაწერენ. ამ ანგარიშით ფრაგმენტების გავრცელება ინდუსტრიის „მომხმარებლის საწინააღმდეგო პრაქტიკის“ წინააღმდეგ პროტესტად წარმოაჩინეს. ორივე ამბავი ერთ სამართლებრივ კითხვას აჩენს: როდესაც მოთამაშე ციფრულ თამაშში 80 ან 100 დოლარს იხდის, იძენს თუ არა საკუთრებას ისეთ ასლზე, რომლის გაყიდვა, ჩუქება ან მემკვიდრეობით გადაცემა შეუძლია? სტატიაში განვიხილავთ სალიცენზიო მოდელსა და საავტორო უფლების ამოწურვის პრინციპს ევროკავშირის, აშშ-ისა და საქართველოს სამართალში. ასევე შევაფასებთ, რას ნიშნავს ეს ქართველი მომხმარებლისა და ბიზნესისთვის.

### 1\. GTA VI-ის დისკის გარეშე გამოშვება და ვიდეოფრაგმენტების გავრცელება

Rockstar-მა თამაშის გამოცემები და მათი ფასები 2026 წლის ივნისში გამოაცხადა. სტანდარტული გამოცემა 79,99 დოლარი ღირს, გაფართოებული გამოცემა Ultimate Edition კი, 99,99 დოლარი. თამაში PlayStation 5-სა და Xbox Series X|S-ზე გამოვიდა. კომპანიამ დაადასტურა, რომ საცალო გაყიდვისთვის განკუთვნილ ყუთში მხოლოდ ჩამოტვირთვის კოდი იქნება. Rockstar-ის მხარდაჭერის გვერდის თანახმად, PlayStation-ზე კოდის გააქტიურება ანგარიშის რეგიონზეა დამოკიდებული. კომპანიას დისკიანი ვერსიის მოგვიანებით გამოშვების შესაძლებლობა არც დაუდასტურებია და არც გამოურიცხავს. ამ გადაწყვეტილებას კოლექციონერები და საცალო მოვაჭრეები გამოეხმაურნენ. მათი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ დისკის გარეშე პრაქტიკულად ქრება თამაშის გადაყიდვის, გაცვლისა და მაღაზიაში მეორად საქონლად ჩაბარების შესაძლებლობა. AFP-ის ცნობით, რომელიც Khaleej Times-მა გამოაქვეყნა, Rockstar-ს აკრიტიკებდნენ როგორც ძვირად ღირებული, დამატებითი მასალის შემცველი გამოცემის წინასწარი გაყიდვის, ისე თამაშის მხოლოდ ციფრული ფორმით გამოშვების გამო.

აგვისტოში ინტერნეტში თამაშის ვიდეოფრაგმენტები გავრცელდა. მათ გავრცელებას CyberLeek-ის სახელით მოქმედ ანგარიშს მიაწერენ. ამავე ანგარიშით განაცხადეს, რომ ფრაგმენტები მომხმარებლის ინტერესების საწინააღმდეგო პრაქტიკის გასაპროტესტებლად გაავრცელეს. ჯგუფის ზოგიერთი მტკიცება, მათ შორის სრული თამაშის ვერსიაზე წვდომის შესახებ, დამოუკიდებლად არ დადასტურებულა. IBTimes-ის თანახმად, ჯგუფი მოითხოვდა GTA VI-ის მატერიალურ მატარებელზე გამოშვებას ჩამოტვირთვის კოდის ნაცვლად, ციფრული გამოცემების წინასწარი შეკვეთების გაუქმებას, ერთი მოთამაშისთვის განკუთვნილი ფასიანი დამატებების (DLC) აკრძალვას, ერთმოთამაშიანი თამაშების ინტერნეტთან კავშირის გარეშე გამოყენების შესაძლებლობასა და თამაშების გადაყიდვის უფლების დაცვას. ამავე პერიოდში Rockstar-ის კომპანიამ, Take-Two Interactive-მა, ნიუ-იორკის ფედერალური სასამართლოებიდან მოიპოვა „ციფრულ ათასწლეულში საავტორო უფლებების შესახებ“ აშშ-ის კანონის (DMCA) საფუძველზე გაცემული განკარგულებები. Microsoft-ს (GitHub) და Discord-ს იმ ანგარიშების მფლობელთა შესახებ ინფორმაცია უნდა წარედგინათ, რომლებსაც ფრაგმენტების გავრცელებას უკავშირებდნენ.

ფრაგმენტების გავრცელების პროტესტად წარმოჩენა მის სამართლებრივ შეფასებას ვერ ცვლის. დაცული ნაწარმოების ფრაგმენტების უნებართვოდ გავრცელება საავტორო უფლების დარღვევაა, განურჩევლად მოტივისა. ამას გარდა, IBTimes-ის ცნობით, ჯგუფის კამპანია კრიპტოვალუტის ტოკენსა და რეკლამას უკავშირდებოდა, რაც გაცხადებული მიზნების გულწრფელობას ეჭვქვეშ აყენებს. თუმცა ჯგუფის მოთხოვნებმა კვლავ წამოჭრა საკითხი, რომელსაც სამართალი ათწლეულზე მეტია განიხილავს: შეიძლება თუ არა ციფრული ასლის ისე გადაყიდვა, როგორც წიგნისა ან დისკისა?

### 2\. სალიცენზიო მოდელი და მომხმარებლის უფლებები

ციფრული თამაშის შეძენისას მომხმარებელს, როგორც წესი, სამართლებრივი ურთიერთობა აქვს როგორც პლატფორმასთან (PlayStation Store, Microsoft Store), ისე გამომცემელთან. ორივე ურთიერთობას სტანდარტული პირობები აწესრიგებს. მათ შორის ცენტრალური ადგილი უჭირავს საბოლოო მომხმარებლის სალიცენზიო შეთანხმებას (End User License Agreement, EULA). სწორედ ამ შეთანხმებებიდან მომდინარეობს ინდუსტრიაში დამკვიდრებული ფორმულა - „პროგრამა ლიცენზიით გაიცემა და არ იყიდება“ (licensed, not sold). 2024 წელს Rockstar-მა მომსახურების პირობები და სალიცენზიო შეთანხმება ერთ დოკუმენტში გააერთიანა. 2025 წლის 28 მარტიდან მოქმედებს განახლებული მომსახურების პირობები, რომლებზე თანხმობაც ანგარიშით სარგებლობის წინაპირობაა. Take-Two-ის ჯგუფის, რომელშიც Rockstar შედის, მომსახურების პირობების თანახმად, მომსახურება, ვირტუალური ნივთები და ანგარიში ლიცენზიით გაიცემა. ლიცენზია შეზღუდული და არაექსკლუზიურია, მისი გადაცემა დაუშვებელია, ხოლო გაუქმება შესაძლებელია.

**_ამ მოდელით მომხმარებელი იღებს კონკრეტულ მოწყობილობაზე ან ანგარიშით თამაშის გამოყენების არაექსკლუზიურ ნებართვას._** **_ნებართვა სალიცენზიო პირობებითაა შეზღუდული, მისი გადაცემა დაუშვებელია და იგი ნაწარმოების ასლზე საკუთრების უფლებას არ წარმოშობს. ასეთი შეთანხმებები, ჩვეულებრივ, კრძალავს ლიცენზიის გაყიდვას, გაქირავებას ან სხვისთვის გადაცემას. ისინი ასევე ითვალისწინებს ანგარიშის დაბლოკვას წესების დარღვევის შემთხვევაში და ზოგჯერ ონლაინ მომსახურების შეწყვეტის უფლებასაც. დისკზე ჩაწერილი თამაშისგან განსხვავებით, ციფრული შენაძენი ანგარიშს უკავშირდება და თამაშით სარგებლობის შესაძლებლობა გამომცემლისა და პლატფორმის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული._**

ხელშეკრულებაში გამოყენებული სიტყვა „ლიცენზია“ გარიგების სამართლებრივ ბუნებას თავისთავად ვერ განსაზღვრავს. სასამართლოები გარიგების რეალურ შინაარსს ამოწმებენ. ისინი აფასებენ, იხდის თუ არა მომხმარებელი ერთჯერად საფასურს, შეუძლია თუ არა თამაშით უვადოდ სარგებლობა და უტოლდება თუ არა გარიგება ეკონომიკური შინაარსით ნასყიდობას. ამ შეფასებაზეა დამოკიდებული, შეიძლება თუ არა ამოწურვის პრინციპის გამოყენება.

### 3\. ამოწურვის პრინციპის არსი და მიზანი

**_საავტორო უფლების მფლობელს აქვს ექსკლუზიური უფლება, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების ასლების გავრცელება._** ამოწურვის პრინციპის (ევროპაში - exhaustion, აშშ-ში - first sale doctrine) **_თანახმად, როდესაც კონკრეტული ასლი პირველად იყიდება უფლების მფლობელის მიერ ან მისი თანხმობით, ამ ასლის შემდგომ გავრცელებაზე მფლობელის უფლება ამოიწურება._** ამიტომ მკითხველს შეუძლია წაკითხული წიგნის გაყიდვა, მოთამაშეს კი - ძველი დისკის გადაყიდვა გამომცემლის თანხმობის გარეშე. ეს წესი ავტორისა და შემძენის ინტერესებს აბალანსებს. ავტორი ანაზღაურებას პირველი გაყიდვისას იღებს, ნივთი კი შემდეგ თავისუფლად ბრუნავს ბაზარზე.

**_ციფრულ გარემოში ამ პრინციპის გამოყენებას ორი გარემოება ართულებს. პირველი ისაა, რომ ციფრული ასლის გადაცემისას ტექნიკურად ახალი ასლი იქმნება._** **_ამოწურვა კი, ტრადიციულად, მხოლოდ გავრცელების უფლებას ეხება და რეპროდუქციის უფლებაზე არ ვრცელდება. მეორე გარემოება ისაა, რომ ბევრ სამართლებრივ სისტემაში ონლაინ მიწოდება საჯარო გადაცემად ან ხელმისაწვდომად ქცევად მიიჩნევა. შესაბამისი უფლება ამოწურვას არ ექვემდებარება._**

### 4\. ევროკავშირის პრაქტიკა UsedSoft-ის საქმიდან Valve-ის საქმემდე

ციფრული ამოწურვის შესახებ ევროკავშირის სასამართლო პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ადგილია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დიდი პალატის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებას საქმეზე UsedSoft GmbH v Oracle International Corp. (C‑128/11). სასამართლომ განმარტა, რომ კომპიუტერული პროგრამების სამართლებრივი დაცვის შესახებ 2009/24/EC დირექტივის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გავრცელების უფლების ამოწურვა შეიძლება გავრცელდეს როგორც მატერიალურ მატარებელზე, მაგალითად, CD-ROM-ზე ან DVD-ზე, განთავსებულ, ისე ინტერნეტიდან ჩამოტვირთულ პროგრამის ასლზე. ჩამოტვირთვის შემთხვევაში უფლება ამოიწურება, თუ საავტორო უფლების მფლობელმა ნება დართო ასლის ჩამოტვირთვაზე და მიანიჭა შემძენს ამ ასლით უვადოდ სარგებლობის უფლება ისეთი საფასურის სანაცვლოდ, რომელიც მას ასლის ეკონომიკური ღირებულების შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას აძლევს. სასამართლომ ჩამოტვირთვა და სარგებლობის უფლების მინიჭება ერთიან გარიგებად შეაფასა, რომელიც დირექტივის მიზნებისთვის გაყიდვად მიიჩნევა, მიუხედავად ხელშეკრულების სახელწოდებისა. გადაყიდვის მომენტში თავდაპირველმა შემძენმა საკუთარი ასლი გამოუსადეგარი უნდა გახადოს. თუ ლიცენზია იმაზე მეტ მომხმარებელს მოიცავს, ვიდრე შემძენს სჭირდება, იგი ამოწურვის პრინციპზე დაყრდნობით ვერ დაყოფს ლიცენზიას და ვერ გაყიდის მხოლოდ გამოუყენებელი მომხმარებლების შესაბამის ნაწილს.

ერთი შეხედვით, UsedSoft-ის გადაწყვეტილება ციფრული თამაშების მეორადი ბაზრის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა შემდგომმა სასამართლო პრაქტიკამ ამ გადაწყვეტილების გამოყენების ფარგლები შეზღუდა. 2014 წელს საქმეზე Nintendo v PC Box (C-355/12) ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ აღნიშნა, რომ ვიდეოთამაში რთული ობიექტია. ის კომპიუტერულ პროგრამასთან ერთად შეიცავს გრაფიკულ და ხმოვან ელემენტებს, რომლებსაც დამოუკიდებელი შემოქმედებითი ღირებულება აქვს. ამ ელემენტებს ინფორმაციული საზოგადოების შესახებ 2001/29/EC დირექტივა (InfoSoc) იცავს. ამ მსჯელობაზე დაყრდნობით ეროვნულმა სასამართლოები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვიდეოთამაში, როგორც რთული ნაწარმოები, სწორედ ამ დირექტივას ექვემდებარება.

2019 წლის 19 დეკემბერს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე Tom Kabinet (C‑263/18). ნიდერლანდური პლატფორმა მეორად ელექტრონულ წიგნებს ყიდდა. როდესაც პლატფორმა წიგნის ასლს კერძო პირისგან ყიდულობდა, გამყიდველს საკუთარი ასლის წაშლას სთხოვდა. სასამართლომ განმარტა, რომ ელექტრონული წიგნის საზოგადოებისთვის უვადო სარგებლობის მიზნით ჩამოტვირთვის გზით მიწოდება 2001/29/EC დირექტივის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის გაგებით საზოგადოებისთვის გადაცემაა, კერძოდ კი, ნაწარმოების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომად ქცევა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეს უფლება არ ამოიწურება. შესაბამისად, ელექტრონული წიგნის ამგვარად ხელახლა მიწოდებას უფლების მფლობელის ნებართვა სჭირდება.

საფრანგეთში, საქმეზე UFC-Que Choisir v Valve, პარიზის პირველი ინსტანციის სასამართლომ 2019 წლის 17 სექტემბერს UsedSoft-ის გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა ჩამოტვირთულ ვიდეოთამაშებზეც გაავრცელა. შედეგად, Steam-ის შეთანხმების 1.C დათქმა იმ ნაწილში მიიჩნია სამართლებრივი ძალის არმქონედ, რომელიც პლატფორმაზე შეძენილი თამაშების გადაყიდვას კრძალავდა. 2022 წლის 21 ოქტომბერს პარიზის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში გააუქმა და დათქმასთან დაკავშირებული მოთხოვნა უარყო. სააპელაციო სასამართლო Nintendo-ს გადაწყვეტილებას ვიდეოთამაშის რთულ ნაწარმოებად კვალიფიკაციისთვის დაეყრდნო, ხოლო Tom Kabinet-ის გადაწყვეტილებას ციფრული მიწოდებისას ამოწურვის წესის გამოყენების ფარგლების დასადგენად.

ევროკავშირში ციფრული საკუთრების შესახებ მსჯელობა სხვა მიმართულებითაც გაგრძელდა. ევროპის მოქალაქეთა ინიციატივამ „Stop Destroying Videogames“ 1,29 მილიონზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. ინიციატივის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ გამომცემლებს მხარდაჭერის შეწყვეტის შემდეგ უკვე შეძენილი თამაშებით სარგებლობა შეუძლებელი არ გაეხადათ. ევროკომისიამ 2026 წლის 16 ივნისს გამოქვეყნებულ პასუხში განაცხადა, რომ სავალდებულო წესების შემოღების მიზნით საკანონმდებლო წინადადებას არ წარადგენდა. მან მიუთითა მომხმარებელთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობაზე, მათ შორის ციფრული შინაარსის შესახებ 2019/770 დირექტივაზე. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების წესების თანახმად, უფლების მფლობელი თავად განსაზღვრავს, როგორ გამოიყენებენ მის ნაწარმოებს. კომისია 2026 წლის ბოლომდე დაიწყებს დიალოგს გამომცემლებსა და მომხმარებლებთან და განიხილავს თვითრეგულირების მიზნით ქცევის კოდექსის შემუშავებას.

### 5\. აშშ-ის პრაქტიკა ლიცენზიის კვალიფიკაციისა და გამჭვირვალობის შესახებ

აშშ-ში პირველი გაყიდვის დოქტრინით (17 U.S.C. § 109(a) მხოლოდ ასლის მესაკუთრეს შეუძლია სარგებლობა. მეცხრე ოლქის სააპელაციო სასამართლომ 2010 წელს საქმეზე Vernor v. Autodesk ჩამოაყალიბა სამი კრიტერიუმი, რომელთა მიხედვითაც მომხმარებელი ლიცენზიატად მიიჩნევა. უფლების მფლობელი პირდაპირ უნდა მიუთითებდეს, რომ ლიცენზიას გასცემს, მნიშვნელოვნად უნდა ზღუდავდეს პროგრამის გადაცემას და მისი გამოყენების არსებით შეზღუდვებს უნდა აწესებდეს. თანამედროვე ციფრული თამაშების სალიცენზიო შეთანხმებები, როგორც წესი, სამივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. მეორე ოლქის სააპელაციო სასამართლომ 2018 წელს საქმეზე Capitol Records v. ReDigi დაადგინა, რომ ციფრული მუსიკალური ფაილის გადაყიდვა, რომელიც ახალი ასლის შექმნას მოითხოვს, რეპროდუქციის უფლებას არღვევს. პირველი გაყიდვის დოქტრინა ასეთ გადაყიდვას არ ფარავს. თუმცა სასამართლომ დაუშვა შესაძლებლობა, რომ მომავალში სხვა ტექნოლოგიამ ციფრული ასლის კანონიერი გადაყიდვა შესაძლებელი გახადოს.

### 6\. არის თუ არა ყუთში მოთავსებული კოდი ფიზიკური ასლი?

GTA VI-ის შემთხვევაში საცალო გამოცემაზეც ვერ გავრცელდება ამოწურვის ტრადიციული წესი. ამოწურვა ნაწარმოების ასლს ეხება, დისკი კი ამ ასლის მატერიალური მატარებელია. ყუთში მოთავსებული კოდი მხოლოდ პლატფორმიდან თამაშის ჩამოტვირთვის უფლებას ააქტიურებს. კოდის გააქტიურების შემდეგ თამაში მყიდველის ანგარიშს უკავშირდება და მასზე პლატფორმისა და გამომცემლის სალიცენზიო პირობები ვრცელდება. ამგვარად, მომხმარებელი მაღაზიაში ფიზიკურ ნივთს ყიდულობს, სამართლებრივად კი იმავე ციფრულ ლიცენზიას იღებს, რომელსაც ონლაინ მაღაზიაში შეიძენდა. გააქტიურებამდე კოდის გადაცემის შესაძლებლობას, ძირითადად, პლატფორმის სახელშეკრულებო პირობები განსაზღვრავს.

ამიტომ CyberLeek-ისა და სხვა კრიტიკოსების მოთხოვნა, რომ თამაში მატერიალურ მატარებელზე გამოიცეს, სამართლებრივად არსებით გარემოებას ეხება. ამოწურვის პრინციპის ტრადიციული ფორმით გამოყენებას სწორედ მატერიალურ მატარებელზე არსებული ასლი უზრუნველყოფს.

### 7\. ამოწურვის პრინციპი საქართველოს სამართალში

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ ითვალისწინებს ამოწურვის პრინციპს. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი გავრცელების უფლებას ასე განმარტავს: „ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით“. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საქართველოში ავტორის მიერ ან მისი თანხმობით ნაწარმოების ასლის პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში ავტორის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე“.

ამ ნორმებიდან სამი დასკვნა გამომდინარეობს. პირველი, საქართველოს კანონმდებლობა ეროვნული ამოწურვის მოდელს ადგენს. გავრცელების უფლება ამოიწურება, როდესაც ასლი პირველად საქართველოში იყიდება. ეს შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების 152-ე მუხლს, რომელიც მხარეებს ავალდებულებს, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ამოწურვის ეროვნული ან რეგიონული რეჟიმი დაადგინონ. შესაბამისად, თუ მომხმარებელმა თამაში უცხოურ ციფრულ მაღაზიაში ან სხვა ქვეყნის რეგიონზე რეგისტრირებული ანგარიშით შეიძინა, მას შეიძლება გაუჭირდეს ამოწურვის ქართული ნორმის გამოყენება.

მეორე, ევროპული მოდელის მსგავსად, საქართველოს კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს გავრცელების უფლებასა (მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი) და საჯარო გადაცემის უფლებას (იმავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი). ეს უკანასკნელი მოიცავს ნაწარმოების იმგვარ გადაცემას, რომ ის „ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან“. ამოწურვის წესი მხოლოდ გავრცელების უფლებას ეხება. თუ საქართველოს სასამართლო გაიზიარებს Tom Kabinet-ისა და Valve-ის საქმეებში განვითარებულ მსჯელობას, ჩამოტვირთვის გზით მიწოდებას საჯარო გადაცემად მიიჩნევს და ამოწურვის წესს მასზე არ გაავრცელებს.

მესამე, კანონი კომპიუტერულ პროგრამას ლიტერატურულ ნაწარმოებად მიიჩნევს (მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი). მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი კომპიუტერული პროგრამებისა და აუდიოვიზუალური ნაწარმოებების ავტორებს უნარჩუნებს ორიგინალის ან ასლების გაქირავებისა და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის ექსკლუზიურ უფლებას იმის მიუხედავად, ვის ეკუთვნის ასლზე საკუთრების უფლება. ვიდეოთამაში ორივე კატეგორიის ელემენტებს აერთიანებს, ამიტომ მისი სამართლებრივი კვალიფიკაცია, ევროპის მსგავსად, საქართველოშიც სადავოა. კანონის 28-ე მუხლი ადგენს პროგრამის „მართლზომიერი მფლობელის“ უფლებებს, მაგალითად, სარეზერვო ასლის დამზადების უფლებას. ეს მუხლი გადაყიდვის უფლებას არ ეხება.

### 8\. სალიცენზიო პირობების შემოწმება სამომხმარებლო სამართლის მიხედვით

მაშინაც კი, როდესაც საავტორო სამართალი ციფრული ასლის გადაყიდვის საშუალებას არ იძლევა, მომხმარებლის დაცვის წესები სალიცენზიო შეთანხმების პირობების შეფასების საფუძველს ქმნის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე–348-ე მუხლები ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს აწესრიგებს. 346-ე მუხლის თანახმად, ბათილია სტანდარტული პირობა, რომელიც ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ მეორე მხარისთვის საზიანოა. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც 2022 წლის 1 ივნისიდან მოქმედებს, განსაზღვრავს „ციფრული შინაარსის“ ცნებას (მე-4 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი) და მოვაჭრეს ავალდებულებს, მომხმარებელს წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია ციფრული შინაარსის ფუნქციონირებისა და დაცვის ტექნიკური საშუალებების შესახებ (მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი). ამავე კანონის 22-ე მუხლი უსამართლო სტანდარტულ პირობებს ბათილად მიიჩნევს.

ეს ნორმები თავისთავად არ წარმოშობს გადაყიდვის უფლებას. Valve-ის საქმეში საფრანგეთის სასამართლოებმა გადაყიდვის ამკრძალავი დათქმა ნამდვილად და აღსრულებადად მიიჩნიეს. სასამართლოებმა ეს საკითხი საავტორო უფლების ამოწურვის წესის საფუძველზე გადაწყვიტეს. რამდენად შეესაბამება ასეთი დათქმა მომხმარებლის დაცვის ქართულ ნორმებს, ღია საკითხად რჩება. ამავე ნორმების საფუძველზე შეიძლება სხვა სახელშეკრულებო პირობებისა და მოვაჭრის ქცევის შეფასებაც. მაგალითად, შეიძლება შეფასდეს შეძენილ ციფრულ შინაარსზე წვდომის ცალმხრივად, ანაზღაურების გარეშე შეწყვეტა ან მომხმარებლისთვის იმ ინფორმაციის დამალვა, რომ იგი საკუთრების უფლებას ვერ იძენს.

### დასკვნა და პრაქტიკული შედეგები

GTA VI-ის მაგალითი აჩვენებს, რამდენად შეიძლება განსხვავდებოდეს ის, რასაც მომხმარებელს ციფრული თამაშის ყიდვად სთავაზობენ, იმ უფლებებისგან, რომლებსაც იგი გარიგებით იძენს. ევროკავშირის დღევანდელი პრაქტიკის მიხედვით, ვიდეოთამაშებს InfoSoc დირექტივა აწესრიგებს. მათი ონლაინ მიწოდება საჯარო გადაცემაა და მასზე ამოწურვის პრინციპი არ ვრცელდება. აშშ-ში მომხმარებელი სალიცენზიო შეთანხმების პირობების გათვალისწინებით ლიცენზიატად მიიჩნევა. ყუთში მოთავსებული ჩამოტვირთვის კოდი საცალო ქსელში იმავე ციფრული ლიცენზიის მიწოდების საშუალებაა.

ქართველი მომხმარებლისთვის ციფრული თამაშის გადაყიდვის შესაძლებლობა ამჟამად, ძირითადად, პლატფორმის პირობებზეა დამოკიდებული. გამომცემლებისა და ციფრული პლატფორმებისთვის მთავარი რისკი მომხმარებლის არასაკმარისად ინფორმირებაა. მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობა მოითხოვს, რომ მომხმარებელს წინასწარ და მკაფიოდ განემარტოს ციფრული შინაარსის ბუნება და მისი გამოყენების შეზღუდვები. სტანდარტული პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს. საქართველოში ციფრული ასლების მეორადი ბაზრის შექმნაზე მომუშავე სტარტაპებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორ გარემოებას: Tom Kabinet-ის გადაწყვეტილებასა და ამ საკითხზე გამოქვეყნებული ქართული სასამართლო პრაქტიკის არარსებობას.

სტატია საინფორმაციო ხასიათისაა და სამართლებრივ კონსულტაციას არ წარმოადგენს.

### წყაროები

1\. GTA 6 publisher subpoenas in bid to unmask leaks (AFP / Khaleej Times, 23.08.2026) — [https://www.khaleejtimes.com/entertainment/gaming/gta-6-publisher-subpoenas-bid-to-unmask-leaks](https://www.khaleejtimes.com/entertainment/gaming/gta-6-publisher-subpoenas-bid-to-unmask-leaks)

2\. Take-Two Interactive GTA 6 leak controversy (International Business Times UK, 24.08.2026) — [https://www.ibtimes.co.uk/take-two-interactive-gta-6-leak-controversy-1815898](https://www.ibtimes.co.uk/take-two-interactive-gta-6-leak-controversy-1815898)

3\. Grand Theft Auto VI is Now Set to Launch November 19, 2026 (Rockstar Games Newswire) — [https://www.rockstargames.com/newswire/article/ak3ak31a49a221/grand-theft-auto-vi-is-now-set-to-launch-november-19-2026](https://www.rockstargames.com/newswire/article/ak3ak31a49a221/grand-theft-auto-vi-is-now-set-to-launch-november-19-2026)

4\. Grand Theft Auto VI Platforms, Editions, and Versions (Rockstar Games Support, განახლებული 18.08.2026) — [https://support.rockstargames.com/en-US/articles/4QfG4FmZCf5W1gS8jy4UVT/grand-theft-auto-vi-platform-editions-and-versions](https://support.rockstargames.com/en-US/articles/4QfG4FmZCf5W1gS8jy4UVT/grand-theft-auto-vi-platform-editions-and-versions)

5\. Grand Theft Auto VI Price And Ultimate Edition Revealed, Physical Version Will Not Include A Disc (Game Informer, 24.06.2026) — [https://gameinformer.com/2026/06/24/grand-theft-auto-vi-price-and-ultimate-edition-revealed-physical-version-will-not](https://gameinformer.com/2026/06/24/grand-theft-auto-vi-price-and-ultimate-edition-revealed-physical-version-will-not)

6\. Rockstar confirms there will be no disc version of GTA 6 at launch (Video Games Chronicle, A. Robinson, 24.06.2026) — [https://www.videogameschronicle.com/news/rockstar-confirms-there-will-be-no-disc-version-of-gta6-at-launch/](https://www.videogameschronicle.com/news/rockstar-confirms-there-will-be-no-disc-version-of-gta6-at-launch/)

7\. Legal Terms Update FAQ (Rockstar Games Support, 26.02.2025) — [https://support.rockstargames.com/en-US/articles/27dhHBKfNOiAOjSPbr6jFG/legal-terms-update-faq](https://support.rockstargames.com/en-US/articles/27dhHBKfNOiAOjSPbr6jFG/legal-terms-update-faq)

8\. Take-Two Terms of Service (Take-Two Interactive Software, Inc., განახლებული 28.02.2025) — [https://www.take2games.com/legal](https://www.take2games.com/legal)

9\. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი № 2112 (საქართველოს პარლამენტი, 22.06.1999, კონსოლიდირებული ვერსია 09.12.2025) — https://matsne.gov.ge/ka/document/view/16198

10\. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი № 1455-VIIIმს-Xმპ (საქართველოს პარლამენტი, 29.03.2022) — https://matsne.gov.ge/ka/document/view/5420598

11\. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლები 342–348 (საქართველოს პარლამენტი, 26.06.1997) — https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702

12\. ასოცირების შეთანხმება ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის, მუხლი 152 (OJ L 261, 30.08.2014, გვ. 4) — [https://eur-lex.europa.eu/eli/agree\_internation/2014/494/oj/eng](https://eur-lex.europa.eu/eli/agree_internation/2014/494/oj/eng)

13\. Judgment in Case C-128/11 UsedSoft GmbH v Oracle International Corp., Press Release No 94/12 (CJEU, 03.07.2012) — [https://curia.europa.eu/jcms/upload/docs/application/pdf/2012-07/cp120094en.pdf](https://curia.europa.eu/jcms/upload/docs/application/pdf/2012-07/cp120094en.pdf)

14\. Judgment in Case C-355/12 Nintendo and Others v PC Box Srl and Others, Press Release No 9/14 (CJEU, 23.01.2014) — [https://curia.europa.eu/jcms/upload/docs/application/pdf/2014-01/cp140009en.pdf](https://curia.europa.eu/jcms/upload/docs/application/pdf/2014-01/cp140009en.pdf)

15\. Judgment in Case C-263/18 Nederlands Uitgeversverbond and Groep Algemene Uitgevers v Tom Kabinet, Press Release No 159/19 (CJEU, 19.12.2019) — [https://curia.europa.eu/jcms/upload/docs/application/pdf/2019-12/cp190159en.pdf](https://curia.europa.eu/jcms/upload/docs/application/pdf/2019-12/cp190159en.pdf)

16\. Kaiser, A., Exhaustion, Distribution and Communication to the Public – The CJEU’s Decision C-263/18 – Tom Kabinet on E-Books and Beyond (GRUR International 69(5), 2020, 489–495, DOI 10.1093/grurint/ikaa043) — [https://ip.mpg.de/en/publications/details/exhaustion-distribution-and-communication-to-the-public-the-cjeus-decision-c-263-18-tom-kabinet-on-e-books-and-beyond.html](https://ip.mpg.de/en/publications/details/exhaustion-distribution-and-communication-to-the-public-the-cjeus-decision-c-263-18-tom-kabinet-on-e-books-and-beyond.html)

17\. Blocman, A., Cour de cassation, Civ. 1re, 23 octobre 2024, n° 23-13.738, UFC-Que Choisir c/ Valve Corporation (European Audiovisual Observatory, IRIS 2024-10:1/3) — [https://merlin.obs.coe.int/article/10199](https://merlin.obs.coe.int/article/10199)

18\. French Supreme Court Rules on Resale of Digital Video Games (Jones Day, დეკემბერი 2024, პრაქტიკოსთა კომენტარი) — [https://www.jonesday.com/en/insights/2024/12/french-supreme-court-rules-on-resale-of-digital-video-games](https://www.jonesday.com/en/insights/2024/12/french-supreme-court-rules-on-resale-of-digital-video-games)

19\. Vernor v. Autodesk, Inc., 621 F.3d 1102 (U.S. Court of Appeals, Ninth Circuit, 10.09.2010) — [https://cyber.harvard.edu/people/tfisher/IP/2010\_Vernor.pdf](https://cyber.harvard.edu/people/tfisher/IP/2010_Vernor.pdf)

20\. Capitol Records, LLC v. ReDigi Inc., 910 F.3d 649 (U.S. Court of Appeals, Second Circuit, 12.12.2018) — [https://law.justia.com/cases/federal/appellate-courts/ca2/16-2321/16-2321-2018-12-12.html](https://law.justia.com/cases/federal/appellate-courts/ca2/16-2321/16-2321-2018-12-12.html)

21\. California’s New Digital Goods Law AB 2426: What You Need to Know (Sidley Austin, 18.11.2024, პრაქტიკოსთა კომენტარი) — [https://www.sidley.com/en/insights/newsupdates/2024/11/californias-new-digital-goods-law-ab-2426-what-you-need-to-know](https://www.sidley.com/en/insights/newsupdates/2024/11/californias-new-digital-goods-law-ab-2426-what-you-need-to-know)

22\. European Commission replies to the ‘Stop Destroying Videogames’ initiative (European Commission, 16.06.2026) — [https://citizens-initiative.europa.eu/news/european-commission-replies-stop-destroying-videogames-initiative-2026-06-16\_en](https://citizens-initiative.europa.eu/news/european-commission-replies-stop-destroying-videogames-initiative-2026-06-16_en)

23\. Rodriguez-Amat, J. R., “Stop Killing Videogames”: The European Commission response to the Citizen’s initiative (European Audiovisual Observatory, IRIS 2026-7:1/24) — [https://merlin.obs.coe.int/article/10576](https://merlin.obs.coe.int/article/10576)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები ამ საკითხზე Legal.Ge-ზე

- [ლიანა ზაგაშვილი](https://legal.ge/ka/specialists/liana-zagashvili-ka) — ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო; ქართული, ინგლისური, რუსული; კონსულტაცია: ₾200
- [სალომე კობერიძე](https://legal.ge/ka/specialists/salome-koberidze-ka); ქართული, ინგლისური, რუსული; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [გიორგი საბანაშვილი](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-sabanashvili-ka) — არქიტექტორი , ურბანისტი; ქართული, ინგლისური, რუსული; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — ინტელექტუალური საკუთრების სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=intelektuturi-sakutrebis-samartali-ka
