„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი
Статья 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ლიცენზირებადი და სანებართვო საქმიანობის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილების შეტანის, მათი მოქმედების შეჩერებისა და განახლების და მათი გაუქმების წესებს.
2. ამ კანონის მხოლოდ I, II, V და VIII თავები და 37-ე მუხლი ვრცელდება შემდეგ საქმიანობებსა და ორგანოებზე: ა) საქმიანობა, რომელსაც არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკი; ბ) საქმიანობა, რომელსაც არეგულირებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია; გ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობა, რომელსაც არეგულირებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; დ) ნავთობისა და გაზის ოპერაციები, ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება, ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირება, რომელსაც „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არეგულირებს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო; ე) საქმიანობა, რომელსაც არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ვ) სადაზღვევო საქმიანობა და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა, რომელსაც არეგულირებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური; ზ) აუდიტორული საქმიანობა, რომელსაც არეგულირებს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო.
3. ამ კანონის მხოლოდ I, II, V და VIII თავები და 37-ე მუხლი ვრცელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათ შორის, ტყით სარგებლობის სფეროში ამ კანონის მე-6 მუხლის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიებისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვების გაცემისას საქართველოს სპეციალური კანონმდებლობით მოწესრიგებულ ურთიერთობებზე.
4. ამ კანონის მოქმედება არ ზღუდავს შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის საქართველოს სპეციალური საკანონმდებლო აქტებით დადგენილ წესებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებსა და ორგანოებთან დაკავშირებით.
