Статья 45. უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი საბუთების წარდგენისა და უფლებათა რეგისტრაციის თავისებურება
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრივატიზებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და იპოთეკა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად რეგისტრირდება ერთად, პირველადი რეგისტრაციის სახით ანუ სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების (აღიარების) თაობაზე საგადასახადო ორგანოს ცნობის გარეშე. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე რეგისტრირდება ასევე აღნიშნული იპოთეკის უფლებაში ნებისმიერი ცვლილება ან იპოთეკის უფლების შეწყვეტა.
2. თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის სააღრიცხვო ბარათში ინახება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის სათანადო წესით დაუმოწმებელი ასლი, დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც იდენტური უნდა იყოს არქივში არსებული დოკუმენტის ასლისა , ხოლო თუ დაინტერესებული პირი ვერ წარადგენს ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციას , მაშინ უძრავ ნივთზე უფლების დადგენა უნდა განხორციელდეს სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის შესაბამისად.
3. თუ უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ინახება ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის სააღრიცხვო ბარათში, დაინტერესებული პირის მიერ უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს განცხადების მიღებაზე ან/და უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. ამ შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია უფლების რეგისტრაცია მოახდინოს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში არსებული უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის საფუძველზე, რომელიც დამოწმებულ უნდა იქნეს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მიერ.
