„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფა – ფიზიკურ პირებზე ფულადი სახსრების (პენსიების) რეგულარულად გაცემა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საპენსიო შენატანებისა და საინვესტიციო მოგების ხარჯზე; ბ) ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული საქმიანობა – საპენსიო სქემების დაფუძნება, საპენსიო შენატანების აკუმულირება და აღრიცხვა, საპენსიო დანაგროვთა ფორმირება და ფიზიკურ პირებზე პენსიების რეგულარულად გაცემა; გ) არასახელმწიფო საპენსიო სქემა (შემდგომ – საპენსიო სქემა) –არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ურთიერთობის სისტემა; დ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი (შემდგომ დამფუძნებელი) – იურიდიული პირი, რომელიც აფუძნებს საპენსიო სქემას და უზრუნველყოფს ფიზიკურ პირებს არასახელმწიფო პენსიებით საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად; ე) მეანაბრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იხდის საპენსიო შენატანს საპენსიო სქემის მონაწილის სასარგებლოდ, საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად; ვ) საპენსიო სქემის მონაწილე (შემდგომ – მონაწილე) – ფიზიკური პირი, რომლის სასარგებლოდაც ხდება საპენსიო შენატანების გადახდა და პენსიის გაცემა საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად; ზ) საპენსიო დანაგროვი – მონაწილის ან მონაწილეთა სახელობით საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული სახსრები; თ) სახელობითი საპენსიო ანგარიში – საპენსიო სახსრების მოძრაობის აღრიცხვის ფორმა; ი) საპენსიო შენატანი – ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით საპენსიო სქემით დადგენილი შენატანი, რომელსაც იხდიან მეანაბრეები; ი 1 ) საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივები – საქართველოს ეროვნული ბანკის წესით განსაზღვრული, საპენსიო დანაგროვთა დასაფარავად (საინვესტიციოდ) დასაშვები აქტივები; კ) აქტივების მმართველი კომპანია – კომერციული ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს საპენსიო დანაგროვთა მართვასა და ინვესტირებას შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე; ლ) სპეციალიზებული დეპოზიტარი – კომერციული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს დოკუმენტირებული ფასიანი ქაღალდების მიღებას, შენახვას და საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების შემადგენელი არადოკუმენტირებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; მ) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭო – დამფუძნებლის ორგანო, რომელიც ზედამხედველობს მოქალაქეთა არასახელმწიფო პენსიებით უზრუნველყოფას და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში იცავს მონაწილეთა ინტერესებს; ნ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც დამფუძნებელი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას; ო) ფილიალი – დამფუძნებლის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება დამფუძნებლის წესდებით განსაზღვრული საქმიანობა ან მისი ნაწილი. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ. 174 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2833 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ. 107
