Статья 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) იარაღი – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად, ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად; ბ) ცეცხლსასროლი იარაღი – მოკლე ან გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად; გ) ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი; დ) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი – საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანი მექანიკური ან ნახევრად ავტომატური მექანიზმის მქონე, გლუვლულიანი (თოფი), ხრახნილლულიანი (კარაბინი ან შაშხანა) ან კომბინირებული (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი) გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი; დ 1 ) მოკლე იარაღი: დ 1 .ა) ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური პისტოლეტი; დ 1 .ბ) ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური რევოლვერი; დ 1 .გ) იარაღის დამამზადებლის ან მწარმოებლის მიერ დამზადებული ცეცხლსასროლი ან პნევმატური იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სმ-ს არ აღემატება; დ 2 ) გრძელი იარაღი – ცეცხლსასროლი ან პნევმატური იარაღი, რომელიც ამ მუხლის „დ 1 .ა“ და „დ 1 .ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოკლე იარაღს არ განეკუთვნება და რომლის საერთო სიგრძე იარაღის დამამზადებლის ან მწარმოებლის მიერ დამზადების შედეგად 55 სმ-ს აღემატება; დ 3 ) იარაღის საერთო სიგრძე – იარაღის სიგრძე ლულაზე დამაგრებული მუხრუჭ-კომპენსატორის, ალსაქრობის ან/და ლულაზე დასამაგრებელი სხვა მოწყობილობის გარეშე და: დ 3 .ა) კონდახის ჩათვლით, თუ კონდახი არის მყარი (სტაციონარული, რომლის მოხსნა დამატებითი ხელსაწყოების გამოყენების გარეშე შეუძლებელია); დ 3 .ბ) კონდახის გარეშე, თუ კონდახი არის დასაკეცი ან მოსახსნელი, რომლის მოხსნაც შესაძლებელია დამატებითი ხელსაწყოების გამოყენების გარეშე; დ 3 .გ) შეკეცილი კონდახით, თუ კონდახი ტელესკოპურია; დ 4 ) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი – თავდაცვის ცეცხლსასროლი იარაღი, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი; ე) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100) ; ვ) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური ნუსხით/სიით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღი; ზ) საფანტის იარაღი – ლულაში ან დოლურაში ჭურვის გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ტრავმული დაზიანების საფანტის ჭურვების გასროლის შედეგად სხეულში შემავალ გამჭოლ დაზიანებებს არ იწვევს; თ) გაზის (აირის) იარაღი – ლულაში ან დოლურაში ჭურვის ანდა საფანტის ჭურვების გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული ტიხრის მქონე იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად; ი) პნევმატური იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი მიმართულ მოძრაობას იწყებს შეკუმშული, დაწნეხილი ან გამყარებული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად; ი 1 ) სანადირო პნევმატური იარაღი – გრძელი პნევმატური იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან/და სამეცნიერო ნადირობისთვის; ი 2 ) სპო რტული პნევმატური იარაღი – მოკლე ან გრძელი პნევმატური იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად; კ) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100) ; ლ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს; მ) საბრძოლო მასალა – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად; მ 1 ) საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტები – მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერება, ჭურვი, მასრა, კაფსულა; მ 2 ) ფუჭი ვაზნა − მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მხოლოდ მასრისგან, ფეთქებადი ნივთიერებისგან, საცობისგან, კაფსულისგან და განკუთვნილია ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად; მ 3 ) ვაზნა – იარაღისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც მასრის მეშვეობით აერთიანებს კაფსულ-მაალებელს, ფეთქებად ნივთიერებასა და გასატყორცნ ელემენტს; ნ) ელექტროშოკური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტით ცოცხალი ობიექტის დროებით დასაზიანებლად და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს; ნ 1 ) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა − ელექტრონული მუხტის მქონე მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ტექნიკური პარამეტრები და გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; ნ 2 ) თევზჭერის ელექტროიარაღი − ქარხნულად ან კუსტარულად დამზადებული ხელსაწყო, რომლის მუშაობის პრინციპია ელექტროდენით წყლის ცოცხალი ორგანიზმების მოზიდვა ან/და მათი სიცოცხლისუნარიანობის ან ფიზიკური აქტივობის დაქვეითება ან/და მათი დახოცვა; ო) ცივი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად; პ) ცივი სასროლი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან მექანიკური მოწყობილობით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად; ჟ) საკოლექციო იარაღი – იარაღი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, ისტორიული, მხატვრული ღირებულება და რომლის დანიშნულებაა კოლექციის შექმნა და ექსპონირება; რ) სასიგნალო იარაღი – იარაღი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია შუქ-ხმოვანი და კვამლური სიგნალის მისაწოდებლად; რ 1 ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი − იარაღი, რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია (მათ შორის, გადაკეთებულია) მხოლოდ ხმოვანი (ფუჭი) ვაზნის სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში; რ 2 ) კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი − ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც იმუხტება ლულაში დენთის, ტიზისა და ჭურვის ლულის წინა კვეთიდან განცალკევებულად მოთავსებით და რომელშიც დენთი ალდება კაჟის ქვის, ფითილის ან კაფსულის და ლითონის ხახუნის შედეგად წარმოქმნილი ნაპერწკლით; ს) ჯილდოდ მიღებული იარაღი – იარაღი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ წახალისების ფორმით გადაეცემა ფიზიკურ პირს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, აგრეთვე სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის ან/და სპორტული მიღწევებისათვის; ტ) იარაღის ბრუნვა – იარაღით ვაჭრობა, იარაღის აღრიცხვა, რეგისტრაცია, დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, ამოღება, ჩამოწერა, განადგურება, შიდა გადამუშავება, გარე გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა, კოლექციონირება და ექსპონირება, საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა, ბალისტიკური შემოწმება, ტყვია-მასროთეკის წარმოება; უ) იარაღის დამამზადებელი – პირი, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია; ფ) იარაღის მესაკუთრე – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება; ქ) იარაღით მოსარგებლე – პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად; ქ 1 ) იარაღით დროებით მოსარგებლე − პირი, რომელსაც ცეცხლსასროლი, პნევმატური ან სასიგნალო იარაღი გადაეცა დროებითი სარგებლობისთვის დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე ან სპორტულ სროლაში სავარჯიშოდ, საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სროლის მიზნით; ღ) სამხედრო ტექნიკა – ამ კანონის მიზნებისათვის, ცეცხლსასროლი იარაღის როგორც ძირითადი, ისე არაძირითადი ელემენტების ან/და იარაღის წარმოებისათვის განკუთვნილი დანადგარები; ყ) იარაღის ტექნიკური დათვალიერება – ამ კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში არსებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ვიზუალური დათვალიერება და მონაცემების სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შედარება; შ) ცნობა პირის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ფორმის ცნობა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ იგი ფსიქიკურად ჯანმრთელია. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3378 - სსმ I, № 26 1 4.07.2006 წ., მუხ.206 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66 , 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511 საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2427 – ვებგვერდი, 27.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3117 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №711 – ვებგვერდი, 14.07.2021წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3876 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4304 – ვებგვერდი, 09.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №85 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.
