1.უცხო ქვეყნის სპეციალისტი ამ კანონით დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის.
2.სამინისტრო ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად განსაზღვრავს იმ საექიმო სპეციალობათა ნუსხას, რომელთა განვითარებისათვის ან შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის მიზანშეწონილია უცხო ქვეყნის სპეციალისტის საქართველოში მოწვევა და მისთვის დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება.
3.უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევა დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის დასაშვებია: ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყნიდან; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ საექიმო სპეციალობებში.
4.დასაშვებია ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის ნებისმიერი საექიმო სპეციალობის უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევა მხოლოდ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებული ქვეყნიდან.
5.უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლებას ექიმთა პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით აძლევს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომ – საბჭო).
6.(ამოღებულია - 04.04.2019, №4463).
7.უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების შეჩერების ან/და გაუქმების საფუძველი გათანაბრებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან/და გაუქმების ამ კანონით გათვალისწინებულ პირობებთან.
8.უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ერთჯერადად ეძლევა არაუმეტეს 1 წლით. საბჭოს უფლება აქვს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გააგრძელოს ეს ვადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
9.სამინისტროს უფლება აქვს მოიწვიოს უცხო ქვეყნის სპეციალისტი საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის. უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევამდე აუცილებელია იმ სამედიცინო დაწესებულების წერილობითი თანხმობა, რომელშიც უცხო ქვეყნის სპეციალისტმა უნდა გასწიოს დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა ან განახორციელოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება.
10.სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვს, თავისი ინიციატივით ან/და პაციენტის მოთხოვნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით მოიწვიოს უცხო ქვეყნის სპეციალისტი დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის.
11.ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევისას, თუ პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ამ მუხლის მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება გაფორმდეს სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდეგ.
12.(ამოღებულია);
13.რეზიდენტს ან საექიმო სპეციალობის მაძიებელს უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება შესაბამის სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) შემადგენელ ნაწილად. ამისათვის აუცილებელია, უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩატარებული სამუშაო შეესაბამებოდეს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამას, რაც უნდა დაადასტუროს საბჭომ.
14.საქართველოში სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობად საბჭოს მიერ განსაზღვრული პირობებისა და კრიტერიუმების შესაბამისად. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162 საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ . 323 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ . 74 საქართველოს 2019 წლის 4 აპრილის კანონი №4463 - ვებგვერდი, 11.04.2019წ.