Статья 16. განცხადების განხილვის ვადა
1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე განცხადებას იხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ქმედების განხორციელებაზე ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმის წინაპირობის არსებობისას განცხადების განხილვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს განმცხადებლის მოთხოვნით და ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ყველა დაინტერესებული მხარის თანხმობით, თუ ვადის გაგრძელება აუცილებელია ისეთი დოკუმენტის წარმოსადგენად, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ვადის გაგრძელების თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განცხადების განხილვას აგრძელებს გონივრული ვადით. განცხადების განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ ზღუდავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი ინიციატივით გააგრძელოს ადმინისტრაციული წარმოების ვადა.
