Статья 184. არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე
1. ამომრჩეველი, რომელსაც აქვს იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობისათვის ვალდებულია არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21-ე დღისა გამოცხადდეს სააგენტოში, მიუთითოს თავისი ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილი (მისამართი) და გადაიღოს ფოტოსურათი ციფრული ფორმატით. ამ შემთხვევაში აღნიშნული ამომრჩეველი თავისუფლდება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული ფოტოსურათის გადაღებისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისაგან.
