Статья 185 — საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის დროებითი წესი | საქართველოს საარჩევნო კოდექსი
Статья 185. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის დროებითი წესი
Редакция №101 Сверено с действующей редакцией · 17 дек. 2025 г.
1. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად.
2. საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, მისი მომსახურების ზონაში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. საერთო მაუწყებელი უფლებამოსილია დებატებისას მოიწვიოს აგრეთვე შესაბამის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტია/ბლოკი.
3. ამ კანონით დადგენილი საეთერო დროის თანაბრად განაწილების, წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის ვალდებულებები ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-4−მე-6 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებლებზე და მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით.
Правовая карта
Нажмите, чтобы открыть
СсылкаБлизко по смыслуსაქართველოს საარჩევნო …მოქალაქეთა პოლიტიკური …საქართველოს საარჩევნო …მაუწყებლობის შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
4. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებულია მისი მომსახურების ზონაში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.
5. საერთო საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელი ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნების დროს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში 7,5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.
6. მაუწყებელი (გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული მაუწყებლებისა) ვალდებულია არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში წინასაარჩევნო რეკლამა უსასყიდლოდ განათავსოს, თუ მისი მომსახურების ზონაში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას იგი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის ფასიან წინასაარჩევნო რეკლამას განათავსებს. ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია თავის ეთერში გამოყოს დრო წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად (თუ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საუკეთესო დროის შუალედში განთავსდა, უფასო სარეკლამო დროც ქვემოთ დადგენილი პროპორციით იმავე დროს, იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით − სხვა დღეს უნდა გამოიყოს. ყველა სხვა შემთხვევაში უფასო სარეკლამო დრო უნდა გამოიყოს სამაუწყებლო ბადეში ფასიანი რეკლამის განთავსების დროიდან სამსაათიან შუალედში, იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით − სხვა დღეს. არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი უფასო სარეკლამო დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა სარეკლამო დროისათვის): ა) ზემოაღნიშნული საარჩევნო სუბიექტისათვის − მის მიერ შეძენილი სარეკლამო დროის ტოლი დრო, რომელიც ისე უნდა განაწილდეს, რომ 3 საათში 90 წამზე მეტი არ დაიკავოს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს); ბ) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის (გარდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტებისა) − ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტთა მიერ შეძენილი ჯამური სარეკლამო დროის ტოლი დრო, რომელიც თანაბრად და არადისკრიმინაციულად უნდა განაწილდეს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტებს შორის, იმ პირობით, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი დრო 3 საათში 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს).
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული მაუწყებელი, რომელსაც სურს ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება, არჩევნების დანიშვნის დღიდან 15 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 55-ე დღისა, ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცემს ინფორმაციას ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკის შესახებ. ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის ვადაში ათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა ცესკოს და შესაბამის მაუწყებელს გადასცემს ინფორმაციას ყოველ მაუწყებელში, ზემოაღნიშნული გრაფიკის გათვალისწინებით, სარეკლამო დროის შეძენის შესახებ (ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და შესაძენი სარეკლამო დროის ხანგრძლივობა). მაუწყებელი, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა სარეკლამო დრო შეიძინა, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცემს ინფორმაციას ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოფილი დროის შესახებ (ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და სარეკლამო დროის ხანგრძლივობა), აგრეთვე ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის გამოყოფილ სარეკლამო დროში თითოეული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეკლამის განთავსების გრაფიკის თაობაზე. ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის ვადაში ათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. უფასო სარეკლამო დროის მიღების უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტი შესაბამის მაუწყებელს რეკლამის განთავსების დღემდე არანაკლებ 2 დღით ადრე აცნობებს თავისი კუთვნილი დროის გამოყენების სურვილის შესახებ და მასთან შეთანხმებულ დროს გადასცემს რეკლამას.
8. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის პერიოდში ეთერში გაშვებულ, არჩევნებთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდოთარგმანი.
9. მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება.
10. ადგილობრივი მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია/ბლოკი: ა) რომელიც არის ამ კანონის მე-2 მუხლის „რ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი; ბ) რომლის ერთმა ან რამდენიმე კანდიდატმა მისი მომსახურების ზონაში შემავალ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, არჩევნების მეორე ტურში გავიდა ან მიიღო ხმების არანაკლებ 25 პროცენტისა; გ) რომელმაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 25 პროცენტისა.
11. ადგილობრივი მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს: ა) პოლიტიკური პარტია, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 10 პროცენტისა; ბ) პოლიტიკური პარტია, რომელიც, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 2 კვლევის შედეგების შესაბამისად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25 პროცენტის მხარდაჭერით; გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 2 კვლევის შედეგების შესაბამისად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25 პროცენტის მხარდაჭერით.
12. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის განსაზღვრისათვის საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95-პროცენტიან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ აღემატება; ბ) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ; გ) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა; დ) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა ჩატარდეს ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით; ე) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას; ვ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს: ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა კვლევა; ვ.ბ) კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი; ვ.გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა; ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო; ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი; ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა; ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს; ვ.თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც კვლევაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ან არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა; ვ.ი) შერჩევის ზომა; ვ.კ) ცდომილების ფარგლები; ვ.ლ) ინფორმაცია ნებისმიერი სხვა ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა კვლევის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
13. საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. მაუწყებელზე, რომელიც სხვისი დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს, ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
14. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ვალდებულია საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან თავის ეთერში, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, სხვა პარტიის/ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განთავსების მიზნით ყოველ საათში 2,5 წუთი გამოყოს და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული ასეთი პარტიის/ბლოკის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი პარტიისათვის/ბლოკისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 45 წამს არ აღემატებოდეს (პარტიას/ბლოკს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება პარტიის/ბლოკის მიერ გამოყენებული დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.
15. პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც აქვთ უფასო საეთერო დროის გამოყენების უფლება, საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შემთხვევაში, მიუხედავად მათი რაოდენობისა, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის მომდევნო დღიდან კარგავენ ამ უფლებას, ხოლო ეს საარჩევნო ბლოკი იმავე დღიდან იძენს აღნიშნულ უფლებას, როგორც ერთი საარჩევნო სუბიექტი.
16. ამ მუხლით გათვალისწინებული უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება შუალედური არჩევნების დროს ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე.
17. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და აღნიშნული ნორმების დარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეისყიდის მედიამონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო მომსახურებას.
18. აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ან/და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
19. დაუშვებელია ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში მაუწყებლის ეთერში ისეთი სარეკლამო რგოლის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. საარჩევნო სუბიექტის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა საარჩევნო სუბიექტის არჩევისათვის ხელის შემწყობი რეკლამის ელემენტებს, მათ შორის, მის წარმომადგენელს, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.
20. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მიმდინარეობისას საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი უნდა იკავებდეს კადრის ფართობის არანაკლებ 5%-ს. ამასთანავე, რეკლამა ისე უნდა იყოს დამზადებული, რომ მისი დასრულებისას, არანაკლებ ბოლო 1 წამის განმავლობაში ნაჩვენები იყოს საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება და რიგითი ნომერი, იმგვარად, რომ სახელწოდების აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი იკავებდეს კადრის ფართობის არანაკლებ 25%-ს. ამ პუნქტით დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში მაუწყებელი არ განათავსებს შესაბამის პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას.
21. მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისათვის ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილი საფასურის შესაბამისზე მეტი საეთერო დროის დათმობა ან უფასო რეკლამის განთავსებისათვის ამ კანონით განსაზღვრულზე მეტი დრო დათმობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედება აკრძალულ შემოწირულებად ჩაითვლება. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი №7097 – ვებგვერდი, 04.09.2020წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах