1.ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით; ბ) ჯგუფურად; გ) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
3.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ბინაში უკანონო შეღწევით; გ) დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
4.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4213 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.16



