ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ
Статья 9^1. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმება
1. პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შემოწმების მიზნით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ სუბიექტის საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების ჩატარების შესახებ. ამ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს აღნიშნული შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირის ვინაობა და შემოწმების ფარგლები. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმება შესაძლებელია მოიცავდეს: ა) აღნიშნული სუბიექტის შიდა ქსელს, გარე ქსელზე წვდომის წერტილს, ქსელის კონფიგურირებას, ქსელის ფუნქციონირებისა და მისი უსაფრთხოებისთვის გამოყენებულ აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებს; ბ) ქსელში ჩართულ აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება მონაცემების მიღებისთვის, დამუშავებისთვის, შენახვისთვის ან/და გადაცემისთვის; გ) აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ქსელში ჩართვის ფორმალიზებულ ან არაფორმალიზებულ წესებსა და პროცედურებს.
