„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 11. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები
1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები არიან მეპაიე და ასოცირებული წევრი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს კოოპერატივში ინვესტორი წევრის მიღება.
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ან/და სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს პაის. 2 1 . მეპაიეს აქვს საერთო კრებაზე ხმის მიცემის უფლება პრინციპის „ერთი წევრი − ერთი ხმა“ საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 1 პაის ერთზე მეტი მფლობელი ჰყავს, რა დროსაც 1 პაის რამდენიმე მფლობელს ჯამურად 1 ხმა აქვს.
3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა 5-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული/ინვესტორი წევრი შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან/და იურიდიული პირი (მათ შორის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი), რომელიც იზიარებს ამ კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს, რომელიც შეიძლება არ მონაწილეობდეს მის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და რომელსაც ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესით საპაიო ფონდში განხორციელებული აქვს ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი.
