„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 2. ტერმინთა განმარტება
1. პაი – სახელობითი, არამატერიალიზებული, წილობრივი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის წილს საპაიო საინვესტიციო ფონდში და ფონდის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში აძლევს მას კომპენსაციის მიღების უფლებას და სხვა უფლებებს, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონით.
2. საპაიო საინვესტიციო ფონდი – კოლექტიური საინვესტიციო სქემა, რომელიც შედგება ინვესტორების მიერ მართვის მინდობის უფლებით გადაცემული ფულადი საშუალებებისგან, აგრეთვე ამ საშუალებების მართვის შედეგად მიღებული ქონებისგან, რომლის წილზე საკუთრების უფლება წარმოიშობა და დასტურდება აქტივების მმართველი კომპანიის მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდით (პაით). საპაიო საინვესტიციო ფონდი არ არის იურიდიული პირი.
3. ღია საპაიო საინვესტიციო ფონდი – ფონდი, რომელიც უწყვეტად ახორციელებს პაის განთავსებას ნებისმიერ დროს მისი გამოსყიდვის ვალდებულებით.
4. ინტერვალური საპაიო საინვესტიციო ფონდი – ფონდი, რომელიც უწყვეტად ახორციელებს პაის განთავსებას ფონდის წესებით განსაზღვრულ დროის ინტერვალში მისი გამოსყიდვის ვალდებულებით.
5. დახურული საპაიო საინვესტიციო ფონდი – ფონდი, რომელიც ახორციელებს პაის განთავსებას საჭიროებიდან გამომდინარე და რომელსაც მისი გამოსყიდვის ვალდებულება არ გააჩნია.
6. სააქციო საინვესტიციო ფონდი – სააქციო საზოგადოება, რომელსაც შეიძლება მართავდეს პირი ან პირთა ჯგუფი და რომლის ერთადერთი საქმიანობაა აკუმულირებული ფინანსური აქტივების ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირება და მასთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების განხორციელება. სააქციო საინვესტიციო ფონდი ანგარიშვალდებული საწარმოა.
7. ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი – სააქციო საინვესტიციო ფონდი, რომლის ერთადერთი საქმიანობაა ფინანსური აქტივების ინვესტირება დამწყებ (არაუმეტეს 2 წლის) კომპანიებში ანდა ბიზნესიდეებში. ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდს არ შეიძლება ჰყავდეს 50 ინვესტორზე მეტი. ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდის აქტივების 20%-ზე მეტი არ შეიძლება განთავსდეს საჯარო ფასიან ქაღალდებში. მას აგრეთვე ეკრძალება სესხის აღება საკუთარი აქტივების 20%-ზე მეტი ოდენობით.
