1.საქართველოში ნებადართულია რეგულირებადი საინვესტიციო ფონდების საქმიანობა.
2.კომპანია, რომელიც შეიძლება აწარმოებდეს საინვესტიციო ფონდის საქმიანობის მსგავს საქმიანობას (ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებას), არ შეიძლება ჩაითვალოს საინვესტიციო ფონდად. აღნიშნული ტიპის არარეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია შეიძლება შეიქმნას და ფუნქციონირებდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ფორმით, იმის გათვალისწინებით, რომ მას მის სახელწოდებაში სიტყვების „საინვესტიციო ფონდი“ არსებობის შემთხვევაშიც ეკრძალება ამ სახელწოდების რეკლამირება და შესაბამისი მომსახურების გაწევა საზედამხედველო ორგანოში საინვესტიციო ფონდად რეგისტრაციამდე.
3.რეგულირებადი საინვესტიციო ფონდების სახეებია: ა) საპაიო საინვესტიციო ფონდი (რომელიც შეიძლება იყოს ღია, ინტერვალური, დახურული); ბ) გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდი (გისფ); გ) სააქციო საინვესტიციო ფონდი (მათ შორის, ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი ან კერძო სააქციო ფონდი); დ) სხვა სახის საინვესტიციო ფონდები, რომლებიც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
4.ბანკი, სადაზღვევო კომპანია, საბროკერო კომპანია, საპენსიო სქემა, სამრეწველო ან/და საფინანსო კომპანია, ჰოლდინგი არ არის საინვესტიციო ფონდი.
5.საინვესტიციო ფონდს ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობა, გარდა ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებისა და მათთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა. მას არ შეიძლება ჰქონდეს სხვა ქონება, გარდა ფულისა, ფულთან გათანაბრებული აქტივებისა და ფინანსური ინსტრუმენტებისა. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდზე, რომელიც რეგისტრირებულია იურიდიულ პირად და არის ანგარიშვალდებული კომპანია.
6.საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ფარგლებში ფონდის მონაწილეთა ფინანსური აქტივების ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებით და მათთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების განხორციელებით (მათ შორის, დივიდენდებით, საპროცენტო ან სხვა შემოსავლით) წარმოშობილი მოგება ან ზარალი არ არის იმ საინვესტიციო ფონდის მოგება ან ზარალი, რომელიც, ამ კანონის თანახმად, არ არის იურიდიული პირი.
7.საინვესტიციო ფონდის წილის, აქციების ან პაის მფლობელის ინვესტირებულ თანხაზე ნამატი (ამონაგების, დივიდენდის (გარდა საინვესტიციო ფონდიდან მიღებული დივიდენდისა) ან სხვა სახით) საინვესტიციო ფონდიდან ამ პირის გასვლამდე (წილის, აქციების ან პაის რეალიზაციამდე) განიხილება დამატებით ინვესტირებულ თანხად. საინვესტიციო ფონდის წილის, აქციების ან პაის მფლობელის შემოსავალი წარმოიშობა საინვესტიციო ფონდიდან დივიდენდის სახით შემოსავლის მიღების მომენტში ან/და საინვესტიციო ფონდის წილის, აქციების ან პაის რეალიზაციის მომენტში (ანგარიშსწორების დღეს). საინვესტიციო ფონდიდან გასვლის შედეგად მიღებული შემოსავალი შეადგენს მიღებულ და ინვესტირებულ თანხებს შორის წარმოშობილ დადებით სხვაობას.
8.საინვესტიციო ფონდი ვალდებულია ჰყავდეს აუდიტორი, რომელიც არ უნდა იყოს დაკავშირებული პირი. საინვესტიციო ფონდის 5%-ზე მეტი წილის/აქციების/პაის მესაკუთრეს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ჩაატაროს დამოუკიდებელი აუდიტი.
9.საზედამხედველო ორგანო ადგენს საინვესტიციო ფონდების რეგულირების (მათ შორის, რეგისტრაციის პროცედურისა და ანგარიშგების) წესებს, რომლებითაც განისაზღვრება განსხვავებული მოთხოვნები სხვადასხვა სახის საინვესტიციო ფონდების მიმართ, კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.



