1.ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონად განისაზღვრება ისტორიული, კულტურული, ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი, სასოფლო ან ურბანული ტერიტორია, რომლის ჩამოყალიბება ისტორიული განვითარების მანძილზე მთლიანად ან ნაწილობრივ ადამიანის საქმიანობის შედეგია ან რომელიც ცალკეული ძეგლების ისტორიულად ჩამოყალიბებული ბუნებრივი გარემოა.
2.ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის დადგენის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების, ასევე ისტორიულ მოვლენებთან, გადმოცემებთან და ფოლკლორთან დაკავშირებული ადგილების ისტორიულად ჩამოყალიბებული ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება და მისი იერსახის აღდგენა.
3.ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში აუცილებელია: ბუნებრივი რელიეფისა და წყალსატევების შენარჩუნება, ლანდშაფტის განთავისუფლება კულტურულ ღირებულებას მოკლებული, დისონანსის შემტანი შენობა-ნაგებობებისა და ნარგავებისაგან, მცენარეული საფარის დაცვა-რეგულირება, ტყისა და მწვანე საფარის ბუნებრივი აღდგენის უზრუნველყოფა, მდელოებისა და სხვა ტერიტორიების დაცვა დამეწყვრისა და წალეკვისაგან.
4.ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ: ა) შემდეგი სამშენებლო სამუშაოები: ა.ა) კულტურული ან ისტორიული ღირებულების მქონე შენობა-ნაგებობების კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები; ა.ბ) დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ მიზნებთან და ამოცანებთან ფუნქციურად დაკავშირებული ნაგებობების, საზოგადოებრივ ინტერესებთან დაკავშირებული დროებითი ნაგებობების ან სახელმწიფოებრივი ინტერესით განპირობებული იმგვარი ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა, რომლებიც მნიშვნელოვნად არ უცვლის სახეს ისტორიულ რელიეფსა და ლანდშაფტს, არ აუარესებს ზონაში დაცული და ვიზუალური დაცვის არეალებში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის აღქმას; ბ) ისეთი სამეურნეო საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ მიზნებსა და ამოცანებს.





