1.ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება აღირიცხება ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის ელექტრონულ ბაზაში (შემდგომში - ელექტრონული ბაზა).
2.ელექტრონულ ბაზაში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები ან/და განმკარგავი სამინისტროს და/ან უწყების დასახელება; ბ) ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები ან/და განმკარგავი სამინისტროს ან/და უწყების მისამართი (ადგილმდებარეობა) და საკონტაქტო ტელეფონები; გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი; დ) ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების თარიღი (ნომერი) და მოქმედების ვადა; ე) ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მოცულობა; ვ) ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გამცემის (დონორის) დასახელება.
3.ელექტრონულ ბაზაში სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტი/მიზნობრივი დაფინანსება შეიძლება არ იქნეს შეტანილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
4.სამინისტროებისა და უწყებებისათვის მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების დამტკიცება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ელექტრონული ცნობით (შემდგომში – ცნობა), ელექტრონულ ბაზაში ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების შეტანის შემდეგ.
5.ცნობით დასადასტურებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარადგინონ ინფორმაცია თანხების ჩამორიცხვის და კონვერტაციის შესახებ და ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული შევსებული ფორმა ერთ ეგზემპლარად, ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით. ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ცნობით დაუდასტურებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წერილობითი ფორმით ატყობინებს შესაბამის სამინისტროს ან უწყებას.
6.ცნობის დადასტურება ხორციელდება ელექტრონულად, ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის ან/და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ. ცნობას ენიჭება ნომერი და თარიღი.
7.წლიური საბიუჯეტო კანონის დამტკიცების შემდგომ ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრების სახაზინო კოდზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხის მოცულობის მიხედვით, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” მე-40 მუხლისა და დადასტურებული ცნობ(ებ)ის საფუძველზე, შესაძლოა დაზუსტდეს წლიური საბიუჯეტო კანონი.
8.სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება ჩაირიცხება ხაზინის ერთიანი ანგარიშის 302007000 სახაზინო კოდზე – ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრები. ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახსრებით გაწეული ხარჯების დაბრუნება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანაგარიშის სახაზინო კოდზე 302009941.
9.ყოველი წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთი რჩება ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღების/განმკარგავის განკარგულებაში და მისი ცნობით დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა აისახოს შესაბამის წლიურ საბიუჯეტო კანონში ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
10.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება, ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით წლიური საბიუჯეტო კანონის დაზუსტების შემდგომ, აისახება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში.
11.სახაზინო სამსახური ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები სამინისტროებისა და უწყებების მიერ გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების თანხებით გაწეულ საკასო ოპერაციებზე, სახაზინო სამსახურში არსებული ინფორმაციის და ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კვარტალური განწერის დაზუსტების შემდგომ უზრუნველყოფს შესაბამისი ოპერაციების განხორციელებას, თანხების ბიუჯეტის შემოსულობებში და გადასახდელებში ასახვის მიზნით.
12.ამ წესის საფუძველზე აღრიცხული, სამინისტროებისა და უწყებების მიერ ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული შემოსავლები და გაწეული გადასახდელები აისახება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსა და ანგარიშგებაში.

