1.პენსიის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. პენსიის ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით, ამ კანონით დადგენილი გაანგარიშების წესისა და პირობების შესაბამისად.
2.საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში პენსიის ოდენობა განისაზღვრება, როგორც საქართველოს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული პენსია, გაზრდილი: ა) 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით; ბ) 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.
3.თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გაზრდილი პენსიის ოდენობა 5-ის ჯერად რიცხვზე ნაკლებია, პენსიის ოდენობა მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.
4.ამ მუხლით დადგენილი წესით პენსიის ოდენობა უნდა გაიზარდოს შესაბამისი საბიუჯეტო წლის პირველივე თვიდან.
5.ამ მუხლის მიზნებისთვის: ა) ინფლაციის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით გათვალისწინებული 12 თვის საშუალო სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა 12 თვის საშუალო სამომხმარებლო ფასების ინდექსთან შედარებით, დამრგვალებული სათანადო რიცხვის მეათედამდე; ბ) მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით გათვალისწინებული კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელთან შედარებით, დამრგვალებული სათანადო რიცხვის მეათედამდე.
6.დაუშვებელია პენსიის ოდენობის ამ მუხლით დადგენილი გაანგარიშების წესისგან განსხვავებული წესით განსაზღვრა. საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5601 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.403 საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6728 – ვებგვერდი, 08.07.2020წ.