1.გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევა, ანდა ზომების მიუღებლობა გზის ცალკეულ უბნებზე მოძრაობის დროულად ასაკრძალავად, შესაზღუდავად ან აღსადგენად, როდესაც ამ გზით სარგებლობა ზღუდავს ან საფრთხეს უქმნის მოძრაობას, ან გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის ან საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანება, გზის საფრის გაჭუჭყიანება, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრა ან არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიცემული წერილობითი მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით.
2.საერთო სარგებლობის საავტომობილო გზასთან სხვა დანიშნულების გზის თვითნებური მიერთება, გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე ობიექტის უნებართვო მშენებლობა ან ობიექტის მშენებლობაზე დადებული შეთანხმების პირობების დარღვევა, პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის, სარეკლამო ფირნიშის, არასტანდარტული საგზაო ნიშნის უნებართვოდ განთავსება, გზის თვითნებურად გადათხრა ან სამუშაოთა წარმოებაზე დადებული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, ანდა შესაბამისი ნებართვის გარეშე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შესაკეთებლად მიღება − გამოიწვევს იურიდიული პირის ან პასუხისმგებელი ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
3.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 7 000 ლარის ოდენობით. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3 საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1443 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998წ., გვ. 51 საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.





