არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Статья 64. პატიმრობა
1. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის, როგორც უკიდურესი ღონისძიების, გამოყენება დასაშვებია შემდეგ გარემოებათა ერთობლიობისას: ა) სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა; ბ) პატიმრობა ერთადერთი საშუალებაა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თავიდან იქნეს აცილებული არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმალვა, მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ან მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლა ან ახალი დანაშაულის ჩადენა; გ) მიზანი, რომელსაც არასრულწლოვანი ბრალდებულის პატიმრობა ემსახურება, აღემატება მისი თავისუფლების ინტერესს.
2. თუ არასრულწლოვანი ბრალდებული პატიმარია, წინასასამართლო სხდომამდე მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან 40 დღეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ არასრულწლოვანი ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. თუ აღნიშნულ ვადაში წინასასამართლო სხდომა ვერ ჩატარდა, ის ტარდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
3. თუ არასრულწლოვან ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული, მოსამართლე ვალდებულია პირველივე წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ მოსამართლე ვალდებულია თავისი ინიციატივით, ყოველ 20 დღეში ერთხელ მაინც განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი. პატიმრობის გაგრძელების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეს ეკისრება.
