ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ
Статья 19^1
1. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) აზარტული კლუბის მოწყობის პირობები (რეგლამენტი). ამ პირობებში (რეგლამენტში) მითითებული უნდა იყოს: აზარტულ კლუბში არსებული კლუბის მაგიდების ჩამონათვალი (უნდა მიეთითოს თითოეული მაგიდის სახელწოდება, საქარხნო ნომერი, დამზადების წელი და დამამზადებელი ქვეყანა); კლუბის მაგიდაზე მომსახურების პროცენტის/საკომისიოს ოდენობა; აზარტული კლუბის მუშაობის წესები; აზარტულ კლუბში მოქცევის წესები; აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობების წესები; სათამაშო ჟეტონის ნიმუშები (არსებობის შემთხვევაში). თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი; ბ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი; გ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი.
