1.საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსითა და საქართველოს ანტიდოპინგური წესებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
2.საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო ხელშეკრულების საფუძველზე იღებს მიზნობრივ დაფინანსებას სამინისტროსგან. იგი უფლებამოსილია მიზნობრივი დაფინანსება მიიღოს აგრეთვე საერთაშორისო და საქართველოს სპორტული ორგანიზაციებისგან.
3.საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს ანტიდოპინგურ საქმიანობასთან დაკავშირებული ქმედებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ქმედებები ხორციელდება მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს, საერთაშორისო სპორტული ფედერაციის ან სპორტული ღონისძიების ორგანიზატორის მიერ მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“ შესაბამისი ნორმების საფუძველზე.
4.საქართველოს ანტიდოპინგური წესები ვრცელდება ყველა ეროვნულ სპორტულ ფედერაციაზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე ყველა სპორტსმენზე, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
