საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 102. დამსწრე
1. დამსწრე მოიწვევა ჩხრეკის, ამოღების ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების ფაქტის, მიმდინარეობისა და შედეგების დასადასტურებლად, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში. ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია დამსწრის მოწვევის უფლება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით განუმარტოს ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებულ პირებს.
2. ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე მოთხოვნის შემთხვევაში, დამსწრის მოსაწვევად მიეცემა გონივრული ვადა, მაგრამ არანაკლებ ერთი საათისა. დამსწრედ არ შეიძლება მოწვეულ იქნენ ის პირები, რომლებსაც კანონით მინიჭებული აქვთ უფლება, არ მისცენ ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის საწინააღმდეგო ჩვენება.
3. ჩხრეკის ან/და ამოღებისას პირს, რომელიც არ არის ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი, მაგრამ შეიძლება შეეხოს აღნიშნული საპროცესო მოქმედება, უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მოიწვიოს დამსწრე.
4. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია დამსწრის გარეშე, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის ან მტკიცებულებათა დაზიანება-განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. საფრთხის აღმოფხვრისთანავე ეჭვმიტანილი და ბრალდებული სარგებლობენ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული უფლებით, რის თაობაზე გამომძიებელი ან პროკურორი აღნიშნავს საგამოძიებო მოქმედების ოქმში.
