1.ჩვენების ადგილზე შემოწმება ხდება 344–346-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
2.ჩვენების ადგილზე შემოწმებას ატარებს გამომძიებელი ან პროკურორი. შემოწმებაში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი და ექსპერტი, აგრეთვე ეჭვმიტანილი, ბრალდებული და დამცველი, თუ ეს მოქმედება ტარდება მათი შუამდგომლობით.
3.გამომძიებელი ან პროკურორი საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის თანდასწრებით კითხულობს შესამოწმებელ ჩვენებას, წინადადებას აძლევს ჩვენების მიმცემ პირს დაადასტუროს ან დააზუსტოს მიცემული ჩვენება, ხოლო საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს განუმარტავს ამ მოქმედების მიზანსა და წესს. თუ ამოწმებენ მოწმის ან დაზარალებულის ჩვენებას, იგი უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტონ, რომ უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
4.რამდენიმე პირის ჩვენების ადგილზე ერთდროული შემოწმება დაუშვებელია.
5.ჩვენების მიმცემი პირი 344-ე მუხლში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტებას იძლევა სხვათა ჩაურევლად, კარნახისა და მისახვედრი კითხვების გარეშე.
6.საგამოძიებო მოქმედების მონაწილეს შეუძლია დასვას კითხვები, მოითხოვოს მოქმედების განმეორება, მონაწილეობა მიიღოს აღმოჩენილი საგნის, დოკუმენტისა თუ კვალის დათვალიერებაში და გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.
7.ადგილზე შემოწმების შედეგად აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი ან კვალი, რომელსაც სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, დათვალიერებულ და ამოღებულ უნდა იქნეს დადგენილი წესით. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94





