საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 484. წერილობითი მტკიცებულებებისა და საგამოძიებო მოქმედების ოქმის გამოკვლევა
1. მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით, სასამართლო სხდომის მდივანი საჯაროდ კითხულობს წინასწარი გამოძიების დროს საქმისთვის დართულ წერილობით მტკიცებულებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმს. ამასთანავე, ირკვევა საკითხი ამ მტკიცებულებათა მიღების ხერხების, სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის თაობაზე.
2. სასამართლოს მოთხოვნით წარდგენილ დოკუმენტებს სასამართლოს თავმჯდომარე საჯაროდ კითხულობს და აცნობს მათ მხარეებს, რომლებიც გამოთქვამენ თავიანთ აზრს ამ დოკუმენტების მნიშვნელობის შესახებ.
3. მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებს საჯაროდ კითხულობენ და ურთავენ საქმეს. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
