1.სასამართლო გამოძიება იწყება სისხლის სამართლის საქმის შემსწავლელი მოსამართლის მოხსენებით, რომელშიც ჩამოყალიბებულია საქმის არსი, განაჩენის ძირითადი შინაარსი, აპელანტის მოთხოვნები, პროცესის მონაწილეთაგან შემოსული საჩივრის შესაგებელი. მომხსენებელმა თავი უნდა შეიკავოს საქმის გადაწყვეტის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმისაგან. მას უფლება აქვს ყურადღება მიაპყროს საჩივარში მიუთითებელ ფაქტობრივ გარემოებებსა და კანონის დარღვევებს იმის გათვალისწინებით, რომ ისინი განსასჯელის საზიანოდ არ იქნეს გაგებული.
2.მხარეებს, შემდეგ კი მოსამართლეებს უფლება აქვთ კითხვები დაუსვან მომხსენებელს. კითხვებს ჯერ ბრალდების მხარე სვამს.
3.მოსამართლის მოხსენების შემდეგ გამოდის აპელანტი ან მისი დამცველი (წარმომადგენელი) და ასაბუთებს საჩივრის მოსაზრებებს. მხარეებსა და მოსამართლეებს უფლება აქვთ აპელანტს დაუსვან კითხვები ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული თანამიმდევრობით.
4.აპელანტის გამოსვლის შემდეგ მტკიცებულებებს წარმოადგენს ბრალდების მხარე – პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე ან მათი წარმომადგენლები, შემდეგ კი – დაცვის მხარე – განსასჯელი ან დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი. სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაიშვება მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში წარმოდგენილი საქმისათვის ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეული იყო კანონის არსებითი დარღვევით და მხარე შუამდგომლობს ამგვარი მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევას ან სასამართლო, თავისი ინიციატივით, საჭიროდ მიიჩნევს მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევას.
5.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის დამატებით დაკითხვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე თვითონ შუამდგომლობს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენას, რასაც კონკრეტულად მიუთითებს შუამდგომლობაში. მოწმე დამატებით შეიძლება დაიკითხოს ასევე სასამართლოს ინიციატივით.
6.მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, არ ვრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომლებზედაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი განსასჯელის დაუსწრებლად გამოიტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსჯავრდებულის მოთხოვნის შესაბამისად, სააპელაციო წესით საქმე იხილება მისი მონაწილეობის გარეშე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396




