Статья 29. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი
1. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს ირჩევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 4 წლისა. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − დიპლომატიის აკადემიისა) წესდებით დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − დიპლომატიის აკადემიაში დეკანის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი: ა) უზრუნველყოფს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ვ) თავმჯდომარეობს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს სხდომებს; ზ) ამ კანონისა და წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის; თ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის ვერარჩევის შემთხვევაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3444 - სსმ I, №42, 22.07.2010წ., მუხ.266 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 20.09.2013წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1209 – ვებგვერდი, 17.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1625 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
უმაღლესი განათლების შესახებ
