საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 18. მომსახურება
1. მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას განეკუთვნება შემდეგი საქმიანობა: ა) სამშენებლო-სამონტაჟო; ბ) სარემონტო; გ) სარესტავრაციო; დ) საცდელ-საკონსტრუქტორო; ე) გეოლოგიურ-საძიებო; ვ) სატრანსპორტო, მათ შორის, გაზის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ელექტრო- და თბოენერგიის ტრანსპორტირება; ზ) ქონების გადაცემა ქირით ან იჯარით; თ) საშუამავლო; ი) პერსონალის შერჩევა; კ) პატენტების, მოწმობების, ლიცენზიების, სავაჭრო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა პირადი არაქონებრივი უფლების გამოყენებაზე უფლების გადაცემა; ლ) შესრულება ვალდებულებისა – არ მიიღოს ან დაუშვას რაიმე მოქმედება (სიტუაციები); მ) კავშირგაბმულობის მომსახურება, საყოფაცხოვრებო და საბინაო-კომუნალური მომსახურება; ნ) სარეკლამო მომსახურება; ო) საინოვაციო მომსახურება; პ) ფინანსური ოპერაციები ან/და ფინანსური მომსახურება; ჟ) სადაზღვევო მომსახურება; რ) საკონსულტაციო, იურიდიული, ბუღალტრული, აუდიტორული, მარკეტინგული მომსახურება; ს) მონაცემთა დამუშავებისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის მომსახურება; ტ) საქონლის სარეალიზაციოდ მომზადების მომსახურება, მათ შორის, პარტიის დანაწილება, გასაგზავნად ფორმირება, დახარისხება, შეფუთვა, გადაფუთვა, ჩამოსხმა; უ) საქონლის ან სხვა ქონების შენახვის მომსახურება; ფ) დაცვის მომსახურება; ქ) დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის ან სხვა ქონების წარმოება; ღ) სატრანსპორტო ტვირთების მომსახურება, მათ შორის, საექსპედიტორო, ჩატვირთვის, გადმოტვირთვის, გადატვირთვის მომსახურება; ყ) საზღვაო გემების მომსახურება, მათ შორის, საპორტო მომსახურება, საპორტო ფლოტის გემების მომსახურება; შ) საჰაერო ხომალდების მომსახურება, მათ შორის, საქართველოს აეროპორტებში, საჰაერო და კოსმოსურ სივრცეში გაწეული აერონავიგაციის მომსახურება; ჩ) სხვა მომსახურება.
