Статья 69^1. პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება
Редакция №83 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
1. დასაშვებია პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. აკრძალულია პროდუქტის განთავსება: ა) ახალი ამბების პროგრამებში; ბ) მომხმარებელთა უფლებების შესახებ პროგრამებში; გ) რელიგიურ პროგრამებში; დ) საბავშვო პროგრამებში.
3. პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსსა და პროგრამების განრიგში განთავსებაზე − მაუწყებლობის შემთხვევაში ან კატალოგში განთავსებაზე − გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შემთხვევაში, მათ შორის, მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობაზე; ბ) იგი არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.
4. პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება მკაფიოდ იდენტიფიცირებული უნდა იყოს. იმ პროგრამის დასაწყისში და დასასრულს, აგრეთვე ყოველი სარეკლამო ან სხვა სახის წყვეტის შემდეგ, რომელშიც ხდება პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, ნათლად უნდა მიეთითოს ამის შესახებ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში ან/და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ მისი მომსახურების ფარგლებში განთავსებულ დამოუკიდებელ პროგრამაზე.
Правовая карта
Нажмите, чтобы открыть
СсылкаБлизко по смыслуმაუწყებლობის შესახებკომერციული ბანკების სა…წამლისა და ფარმაცევტულ…რეკლამის შესახებნარჩენების მართვის კოდ…
Только для информации — не юридическая консультация.
Статья 69^1 — პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება | მაუწყებლობის შესახებ
5. აკრძალულია პროგრამაში იმ მედიკამენტებისა და სამკურნალო საშუალებების განთავსება, რომლებიც რეცეპტით გაიცემა.
6. დაუშვებელია პროგრამაში იმ პროდუქტის განთავსება, რომლის რეკლამირებაც აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3088 - ვებგვერდი, 12.03.2015წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. თავი IX. ანგარიშვალდებულება და სანქციები მუხლი 70. ანგარიშვალდებულება 1. მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მის მიერ გავრცელებული პროგრამის, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
2. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
3. ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს.
4. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.
5. ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია თავისი გასული წლის აქტივებისა და პასივების, აგრეთვე გასულ წელს განხორციელებული ინვესტიციების (მათი ოდენობისა და ინვესტორთა მითითებით) შესახებ.
6. კომისია ადგენს მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმასა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმას. მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ამ ანგარიშგების ფორმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მისი მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში ასახული უნდა იყოს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების, მიღებული შემოსავლების, მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მონაცემები და კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. მედიამომსახურების მიმწოდებელი, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას შესაბამისი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ შევსებულ ანგარიშგების ფორმებს კომისია აქვეყნებს ანგარიშგების ფორმების მიღებიდან 7 დღეში.
8. კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულებამ 7 000 ლარზე მეტი შეადგინა.
9. კომისია უფლებამოსილია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისგან გამოითხოვოს, ხოლო მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია კომისიას სრულად და განსაზღვრულ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნების შესრულების თაობაზე, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია (საბანკო საიდუმლოება). მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ კომისიისთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ინფორმაციის მიუწოდებლობად მიიჩნევა. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მისი მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები. 9 1 . მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაციის კომისიისთვის მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაცია გამოითხოვოს კომერციული ბანკისგან ან/და მიკრობანკისგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
10. კომისიის უწყებრივ რეესტრში აისახება ინფორმაცია იმ კრიტერიუმის შესახებ, რომლის მიხედვითაც მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებზე ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული იურისდიქცია. მედიამომსახურების მიმწოდებლებმა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლებმა ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული კომპეტენციის განსაზღვრაზე, კომისიას უნდა შეატყობინონ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4319 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.37 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4525 - ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №667 – ვებგვერდი, 13.06.2025წ. მუხლი 71. სანქციები 1. მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
2. (ამოღებულია - 30.06.2023, №3448) .
3. კომისია ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა.
4. (ამოღებულია - 30.06.2023, №3448) .
5. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების უფლება. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 71-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მაუწყებლისთვის სანქციის დაკისრების შესაძლებლობას არასრულწლოვნისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის/მასალის პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას გადაცემისათვის ისეთ პირობებში, როდესაც მაუწყებელმა შესაბამის გარემოებებში სიფრთხილის ყველა შესაძლებელი ღონისძიების მიმართვის მიუხედავად, ვერ განჭვრიტა და არ შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა ამგვარი მასალის ეთერში მოხვედრის შესაძლებლობა) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/1537 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.
6. (ამოღებულია - 30.06.2023, №3448) .
7. გაფრთხილების, დაჯარიმების, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი უფლებამოსილია ლიცენზიის მოქმედების არამართლზომიერი შეჩერების/ავტორიზაციის არამართლზომიერი შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის არამართლზომიერი გაუქმების გამო მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ოდენობას ადგენს სასამართლო. საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1516 - სსმ I, №26, 06.06.2005წ., მუხ.176 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2565 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.35 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4319 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.37 საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5020 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5021 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5921 – ვებგვერდი, 25.05.2020წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/1537 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. მუხლი 72. ჯარიმის ოდენობა და გადახდის წესი 1. ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა.
2. მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად.
3. მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მეორედ დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.
4. დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელს.
5. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისთვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.
6. მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. ჯარიმის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №215 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.131 საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4546 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах