„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 14^1. არააუდიტორული მომსახურებების გაწევის აკრძალვა
1. აუდიტორულ ფირმას, რომელიც სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს, ან იმ ქსელის ნებისმიერ სხვა წევრს, რომელშიც ეს აუდიტორული ფირმაა გაერთიანებული, არ აქვს უფლება, აუდიტისადმი დაქვემდებარებულ იმავე სდპ-ის სუბიექტს, მის მშობელ საწარმოს ან მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საწარმოს (საქართველოს ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ფარგლებში) გაუწიოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული არააუდიტორული მომსახურებები: ა) აუდიტირებული საანგარიშგებო პერიოდის დაწყებიდან აუდიტორული დასკვნის გაცემამდე პერიოდში; ბ) იმ ფინანსური წლის განმავლობაში, რომელიც უსწრებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პერიოდს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არააუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის აკრძალულია, გაწეულ იქნეს შემდეგი არააუდიტორული მომსახურებები: ა) მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია: ა.ა) საგადასახადო ანგარიშგების ფორმების ან/და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმებისა და დანართების მომზადებასთან; ა.ბ) ხელფასიდან/ანაზღაურებიდან საშემოსავლო გადასახადის დაკავებასთან; ა.გ) იმპორტის გადასახდელთან; ა.დ) სახელმწიფო სუბსიდიებისა და საგადასახადო შეღავათების იდენტიფიცირებასთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონმდებლობით განსაზღვრულია აუდიტორული ფირმის მიერ ასეთი მომსახურების გაწევა; ა.ე) საგადასახადო ორგანოების მიერ განხორციელებულ საგადასახადო კონტროლთან/ანალიტიკურ პროცედურებთან დაკავშირებულ მხარდაჭერასთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია აუდიტორული ფირმის მიერ ასეთი მომსახურების გაწევა; ა.ვ) პირდაპირი, არაპირდაპირი და გადავადებული გადასახადების გამოთვლასთან; ა.ზ) საგადასახადო კონსულტაციის გაწევასთან; ბ) მომსახურება, რომელიც გულისხმობს აუდიტირებული სუბიექტის ხელმძღვანელობაში ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნებისმიერი სახით მონაწილეობას; გ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება, ბუღალტრული ჩანაწერებისა და ფინანსური ანგარიშგებების მომზადება; დ) სახელფასო ანგარიშსწორების მომსახურება; ე) ფინანსური ინფორმაციის მომზადებასთან ან/და კონტროლთან ან ფინანსური საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის ან რისკების მართვის პროცედურების შემუშავება და განხორციელება; ვ) შეფასების მომსახურება, მათ შორის, აქტუარულ მომსახურებასთან ან სასამართლო პროცესის მხარდაჭერის მომსახურებასთან დაკავშირებით შეფასების განხორციელება; ზ) შემდეგი იურიდიული მომსახურებები: ზ.ა) იურიდიულ საკითხებში მთავარი მრჩევლის როლის შესრულება; ზ.ბ) აუდიტირებული სუბიექტის სახელით მოლაპარაკებების წარმოება (წარმომადგენლობა); ზ.გ) სასამართლო დავის გადაწყვეტის პროცესში ადვოკატის ფუნქციის შესრულება; თ) აუდიტირებული სუბიექტის შიდა აუდიტის ფუნქციასთან დაკავშირებული მომსახურება; ი) აუდიტირებული სუბიექტის დაფინანსებასთან, კაპიტალის სტრუქტურასა და განაწილებასთან, ინვესტირების სტრატეგიასთან დაკავშირებული მომსახურება, გარდა ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული მარწმუნებელი მომსახურებისა, როგორიცაა აუდიტირებული სუბიექტის მიერ გამოცემულ პროსპექტთან დაკავშირებით მხარდაჭერის წერილის გაცემა; კ) აუდიტირებულ სუბიექტში წილების შეთავაზება, წილებით ვაჭრობა ან მათი გარანტირებული განთავსება (ანდერაიტინგი); ლ) ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული მომსახურება, რომელიც უკავშირდება: ლ.ა) ისეთი კანდიდატების მოძიებას, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ აუდიტისადმი დაქვემდებარებული ბუღალტრული ჩანაწერების ან ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაზე ან/და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმებაზე; ლ.ბ) სუბიექტისთვის ორგანიზაციული სტრუქტურის შედგენას; ლ.გ) სუბიექტის ხარჯების კონტროლს.
