Статья 4. ძირითადი ცნებების განმარტებანი
ამ კანონში გამოყენებულ ძირითად ცნებებს, თუ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) „გარემო“ – ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემოს ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ცოცხალ და არაცოცხალ, შენარჩუნებულ და ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს, ბუნებრივ და ანთროპოგენულ ლანდშაფტებს; ბ) „ბუნებრივი გარემო“ – გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ბუნებრივ ლანდშაფტებს; გ) „ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემო“ – გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ გარემოს, სახეცვლილ და შერეული ტიპის ეკოსისტემებს, ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ანთროპოგენულ ლანდშაფტებს; დ) „გარემოს დაცვა“ – ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოში არსებული ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას; დ 1 ) გარემოს დაცვის სფერო − ატმოსფერული ჰაერის , წყლის , მიწის , წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის , ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და აღწარმოების , ნარჩენების რეგულირების , ქიმიური უსაფრთხოების , ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფერო ; დ 2 ) გარემოსდაცვითი ინფორმაცია – წერილობითი, ვიზუალური, ელექტრონული, ზეპირი ან ნებისმიერი მატერიალური ფორმით წარმოდგენილი ყველა სახის ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: დ 2 .ა) გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა, როგორებიცაა ჰაერი, ატმოსფერო, წყალი, ნიადაგი, მიწა, ლანდშაფტი, ბუნებრივი ობიექტები, მათ შორის, ჭაობი, სანაპირო ზოლი და საზღვაო ტერიტორია, ბიომრავალფეროვნება და მისი კომპონენტები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ჩათვლით, და ამ ელემენტების ურთიერთქმედება; დ 2 .ბ) ფაქტორები, როგორებიცაა ენერგია, ხმაური, რადიაცია, აგრეთვე ნარჩენები, მათ შორის, რადიოაქტიური ნარჩენები, ქიმიური ნივთიერებები, ემისიები და სხვა სახის დაბინძურება, რომლებიც გავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ 2 .ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ გარემოს შემადგენელ ელემენტებზე; დ 2 .გ) ღონისძიებები (ადმინისტრაციული ღონისძიებების ჩათვლით), როგორებიცაა პოლიტიკა, კანონმდებლობა, გეგმები, პროგრამები, გარემოსდაცვითი შეთანხმებები, და საქმიანობები, რომლებიც გავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ 2 .ა“ და „დ 2 .ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ გარემოს შემადგენელ ელემენტებსა და ფაქტორებზე, ასევე იმ ღონისძიებებსა და საქმიანობებზე, რომლებიც განკუთვნილია ამ ელემენტების დასაცავად; დ 2 .დ) ანგარიშები გარემოსდაცვითი კანონმდებლობის განხორციელების შესახებ; დ 2 .ე) ხარჯთსარგებლიანობა და სხვა ეკონომიკური ანალიზები და დაშვებები, რომლებიც გამოიყენება ამ მუხლის „დ 2 .გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ღონისძიებებისა და საქმიანობების ფარგლებში; დ 2 .ვ) ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება, მათ შორის, კვებითი ჯაჭვის დაბინძურება, ადამიანის ცხოვრების პირობები, კულტურული ობიექტების და მათთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობა, იმდენად, რამდენადაც მათზე გავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ 2 .ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა ან ამ მუხლის „დ 2 .ბ“ და „დ 2 .გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ფაქტორები, ღონისძიებები და საქმიანობები ამ ელემენტების მეშვეობით; ე) „ბუნებრივი რესურსები“ – ბუნებრივი გარემოს შემადგენელი ბუნებრივი ელემენტები; ვ) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა” – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირება, აღრიცხვა, ლიცენზირება, ზედამხედველობა და კონტროლი; ზ) საქმიანობა – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა; [ ზ) საქმიანობა – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობა და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] თ) საქმიანობის სუბიექტი – საქმიანობის განმახორციელებელი პირი, ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; თ 1 ) რეგულირების ობიექტი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი (მათ შორის, საქმიანობის სუბიექტი), სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო ან მუნიციპალიტეტის ორგანო, რომელზედაც ვრცელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მოთხოვნები; ი) „დაცული ტერიტორია“ – ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. დაცული ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის – უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარების მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფად; კ) „მდგრადი განვითარება“ – საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას – ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი; ლ) „მდგრადი განვითარების პრინციპები“ – პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and Development, Rio de Janeiro, 1992) მიერ მიღებულ „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის – დღის წესრიგ 21-ის“ და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების“ დასკვნით დოკუმენტებში; მ) „გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემა“ – გარემოს დაბინძურების რეგულირების ისეთი სისტემა, რომელიც ეფუძნება დაბინძურების აკუმულირების უნარის მქონე გარემოს ძირითადი კომპონენტების – მიწის, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინტეგრირებულ (კომპლექსურ) კონტროლს; ნ) „საუკეთესო ტექნოლოგია“ – გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს, ეკონომიკური თვალსაზრისით ხელმისაწვდომია საქმიანობის სუბიექტისათვის; ო) „საუკეთესო ტექნიკა“ – საუკეთესო ტექნოლოგია და მისი მართვის, ორგანიზაციის, ზედამხედველობის, კონტროლის მეთოდები და განხორციელების საშუალებები; პ) „ბიომრავალფეროვნება“ – ცოცხალ ორგანიზმთა მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვის და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში; ჟ) „სამეურნეო ობიექტი“ – საქმიანობის ობიექტი; რ) „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია“ – ეკოლოგიურად უსაფრთხო ნედლეულისაგან რესურსთდამზოგველი და საუკეთესო ტექნოლოგიითა და ტექნიკით წარმოებული პროდუქცია; ს) „უფრო სუფთა წარმოება“ – საწარმოო პროცესი, რომლის დროსაც ხორციელდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის უწყვეტი გამოყენება; [ ს 1 ) დამმოწმებელი − პირი, რომელიც სათბურის აირების წლიური ემისიების შესახებ ანგარიშის დასამოწმებლად აკრედიტებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ ან/და აკრედიტაციის ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის (The European co-operation for Accreditation (EA)) მრავალმხრივი აღიარების შეთანხმების ხელმომწერ ქვეყანაში აკრედიტებული, სათანადო სფეროში შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ; (ამოქმედდეს 2028 წლის 1 იანვრიდან) ] ტ) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; უ) „გარემოს დაცვის სამენეჯმენტო სისტემა“ – საქმიანობის ობიექტის მართვის სისტემისა და ბიზნეს-სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს გარემოზე ზემოქმედების საკითხებთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ, ობიექტის ფუნქციონირების ყველა ასპექტს (გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ორგანიზაციისა და კადრების, გარემოს დაცვის ნორმების რეესტრის ჩათვლით); ფ) (ამოღებულია). საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.406 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4398 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №469 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 31 მაისის კანონი №680 – ვებგვერდი, 18.06.2013წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4955 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №891 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1698 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6898 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3384 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2026 წლის 28 აპრილის კანონი №1525 – ვებგვერდი, 01.05.2026წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
გარემოს დაცვის შესახებ
