1.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება უცხო სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან იდება: ა) საქართველოს სახელით – სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება; ბ) საქართველოს მთავრობის სახელით − მთავრობათაშორისი ხელშეკრულება; გ) საქართველოს სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან საქართველოს პროკურატურის სახელით − უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება.
2.საქართველოს სახელით იდება საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც მხარეთა შეთანხმებით ენიჭება სახელმწიფოთაშორისი ხასიათი, აგრეთვე ხელშეკრულება რომელიც ეხება: ა) ტერიტორიულ და ზავის საკითხებს; ბ) ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს; გ) მოქალაქეობას; დ) საქართველოს მონაწილეობას სახელმწიფოთაშორის კავშირებსა და სხვა საერთაშორისო გაერთიანებებში (ორგანიზაციებში); ე) (ამოღებულია); ვ) საქართველოს ტერიტორიისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებას; ზ) სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემას, სახელმწიფო გარანტიის გაცემას; 2 1 . საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. საქართველოს სახელით სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებებს დებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში. საქართველოს მთავრობა წარმართავს ყველა მოქმედებას, რომლებსაც საქართველო საერთაშორისო დონეზე ახორციელებს სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების მიმართ, მოლაპარაკებათა გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერის და მისი სავალდებულოდ აღიარების ჩათვლით. საქართველოს მთავრობის თანხმობით, აღნიშნული მოქმედებები ან მათი ნაწილი შეიძლება განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტმა.
3.საქართველოს მთავრობის სახელით იდება ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც არ ეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ საკითხებს ან რომელთაც მხარეთა შეთანხმებით ენიჭება მთავრობათაშორისი ხასიათი.
4.საქართველოს სამინისტროს სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება.
5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით დებს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებს სასაზღვრო სფეროში. 5 1 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით დებს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებს იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება.
6.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება.
7.(ამოღებულია - 22.12.2018, №4082).
8.საქართველოს პროკურატურის სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4141 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.376 საქართველოს 2010 წლის 7დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №69,15.12.2010 წ., მუხ.420 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4645 - ვებგვერდი, 28.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2620 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3810 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4082 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.






