სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
Статья 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: ა) სამშენებლო პროდუქტი – ამ რეგლამენტის მიზნებისათვის: ცემენტი (სეს ესნ სასაქონლო პოზიცია:
2523), არმატურა (სეს ესნ სასაქონლო პოზიცია:
7214), ელექტროკაბელები (სეს ესნ სასაქონლო პოზიცია:
8544) და პლასტმასის მილები (სეს ესნ სასაქონლო პოზიცია:
3917); ბ) სამშენებლო პროდუქტების ნაკრები – ერთი მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტი, რომელიც შედგება, სულ მცირე, ორი განცალკევებული კომპონენტისაგან და ერთობლივად გამოიყენება სამშენებლო ობიექტების მშენებლობისას; გ) სამშენებლო ობიექტები – შენობები და სამოქალაქო საინჟინრო ნაგებობები; დ) ძირითადი მახასიათებლები – სამშენებლო პროდუქტის ის მახასიათებლები, რომლებიც დაკავშირებულია სამშენებლო ობიექტების ძირითად მოთხოვნებთან; ე) სამშენებლო პროდუქტების თვისებები – სამშენებლო პროდუქტის თვისებები მისთვის დადგენილ ძირითად მახასიათებლებთან მიმართებით, რომელიც გამოხატულია კლასების ან დონეების სახით ან შესაბამისი აღწერით; ვ) სამშენებლო პროდუქტის თვისებების დონე – სამშენებლო პროდუქტის ძირითად მახასიათებლებთან დაკავშირებული თვისებების შეფასების შედეგი, გამოხატული რაოდენობრივი მნიშვნელობით; ზ) სამშენებლო პროდუქტის თვისებების კლასი – სამშენებლო პროდუქტის თვისების დონეების საზღვრები, რომელიც განისაზღვრება მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობებით; თ) სამშენებლო პროდუქტის თვისებების ზღვრული დონე – სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების თვისებების მინიმალური ან მაქსიმალური დონე; ი) პროდუქტის ტიპი – სპეციფიკური საწარმოო პროცესის შედეგად ნედლი მასალის ან სხვა ელემენტების კომბინაციით მიღებული სამშენებლო პროდუქტის წარმომადგენლობითი დონე ან კლასი, რომელიც დაკავშირებულია მის ძირითად მახასიათებლებთან; კ) სტანდარტი − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული საქართველოს სტანდარტი; ლ) ევროპული ტექნიკური შეფასება – სამშენებლო პროდუქტისა და მისი ძირითადი მახასიათებლების ფუნქციონირების შეფასების დოკუმენტი; მ) დანიშნულების მიხედვით გამოყენება – სამშენებლო პროდუქტის გამოყენება შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციებით, მათ შორის, სტანდარტებით გათვალისწინებული დანიშნულებით; ნ) სპეციფიკური ტექნიკური დოკუმენტაცია – დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის სისტემა ჩანაცვლებულ იქნა სხვა მეთოდებით, და რომ აღნიშნული მეთოდების შედეგად მიღებული შედეგები ეკვივალენტურია სტანდარტებით გათვალისწინებული გამოცდის მეთოდების გამოყენებით მიღებული შედეგებისა; ო) პროდუქტის საწარმოო კონტროლი – დოკუმენტირებული, მუდმივი, წარმოების შიდა კონტროლი, რომელიც ხორციელდება ტექნიკური სპეციფიკაციების ან სტანდარტების შესაბამისად; პ) სასიცოცხლო ციკლი – სამშენებლო პროდუქტის თანმიმდევრული და ურთიერთდაკავშირებული სასიცოცხლო ეტაპების ერთობლიობა, ბუნებრივი გზით მოპოვებული ან შექმნილი პირველადი ნედლეულიდან, მის საბოლოო ფორმით გამოყენებამდე; ჟ) მწარმოებელი – დასრულებული პროდუქტის, ნედლი მასალის ან პროდუქტის შემადგენელი ნაწილის საქართველოში რეგისტრირებული მწარმოებელი, პროდუქტის გადამკეთებელი, აგრეთვე იმპორტიორი ან დისტრიბუტორი, რომელმაც სამშენებლო პროდუქტი ბაზარზე განათავსა საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ან მოხდა ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტის გადაკეთება, რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაზე.
