Статья 167. იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება
1. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)– იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
3. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე (გარდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა) წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 40 პროცენტის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
5. ამ მუხლის მიზნებისთვის იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებად მიიჩნევა საბაჟო დეკლარაციაში ისეთი მონაცემის შეტანა, რომლის არასწორობა დადასტურებულია მტკიცებულებებზე დაყრდნობით საბაჟო კონტროლის განხორციელებისას ან სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მხოლოდ ეჭვის არსებობა, რომელიც შეიძლება გახდეს საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების ან განსხვავებული მეთოდით დადგენის საფუძველი, არ ქმნის საბაჟო სამართალდარღვევის შემადგენლობას. შენიშვნა: თუ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.
