1.თუ შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების გარიგების ფასის მეთოდით ან იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდით განსაზღვრა შეუძლებელია, საქონლის საბაჟო ღირებულებად მიიჩნევა იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაყიდულ იქნა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებულ იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც შესაფასებელი საქონლის ექსპორტი განხორციელდა.
2.ამ მუხლის მიზნისთვის იმავე ან თითქმის იმავე დროს ექსპორტირებული ნიშნავს, რომ მსგავსი საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის განსხვავება 30 დღეს არ აღემატება (ექსპორტამდე 30 დღით ადრე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ).
3.საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნისთვის მსგავს საქონლად მიიჩნევა საქონელი, რომელიც არ არის ზუსტად შესაფასებელი საქონელი, ამასთანავე, მსგავს საქონელსა და შესაფასებელ საქონელს აქვს ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყანა, მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები და შემადგენელი მასალები, რომელთა საფუძველზედაც მსგავს საქონელს შეუძლია შეასრულოს იგივე ფუნქციები, რომლებსაც შესაფასებელი საქონელი ასრულებს, და იყოს კომერციული თვალსაზრისით ჩანაცვლებადი.
4.მსგავს საქონლად არ მიიჩნევა ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები საქართველოშია დამზადებული.
5.ამ მუხლის გამოყენებისას სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი გაითვალისწინება, თუ არ მოიპოვება მონაცემები იმავე პირის (მწარმოებლის) მიერ წარმოებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასის შესახებ.
6.ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია: ა) საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ შემოტანილი მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში გაიყიდა იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, რომლებზედაც გაიყიდა შესაფასებელი საქონელი (იგულისხმება სასაქონლო პარტიის მოცულობა და ფასი); ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის არარსებობისას – საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული, შემოტანილი მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით, თუ აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით განპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც ადასტურებს კორექტირების მიზანშეწონილობასა და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, ზრდის თუ ამცირებს კორექტირება საქონლის საბაჟო ღირებულებას.
7.საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია შესაფასებელი საქონლისა და შემოტანილი მსგავსი საქონლის გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებების და გადაზიდვის მანძილების განსხვავებით, ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირება.
8.ამ მუხლის მიზნისთვის შემოტანილი მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად, განისაზღვრება მხოლოდ გარიგების ფასის მეთოდით.
9.თუ გამოვლინდა შემოტანილი მსგავსი საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისთვის გამოიყენება უმცირესი ფასი.
