ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 71. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სტატუსი
1. განაწილება არის საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს როგორც გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას და საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო მიწოდებას, ისე ეკონომიკური პირობების შესაბამისად გამანაწილებელი ქსელის ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას და მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებს, რომლებიც საჭიროა ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ამ სისტემებთან დაშვებისთვის.
2. განაწილების საქმიანობას ამ კანონითა და ენერგეტიკული სექტორის მარეგულირებელი საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი.
3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი არის სპეციალური და დამოუკიდებელი ენერგეტიკული საწარმო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირია. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია წარმოების, გადაცემის, მიწოდებისა და ვაჭრობის საქმიანობებისგან და ამ საქმიანობებთან დაკავშირებული კომერციული ინტერესებისგან. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად ხდება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევება ამ კანონის 73-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. დასაშვებია კომბინირებული ოპერატორის შექმნა გადაცემის, განაწილების ან/და ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირების ფუნქციებით იმ პირობით, რომ დაცული იქნება გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოთხოვნები.
