„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი
Статья 4. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა
1. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის შექმნას, ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლისა და ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრას და იმ ბარიერების/დაბრკოლებების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის ენერგიის მიწოდებისა და მოხმარების ეფექტურობას და ეკეგ-ით განსაზღვრული ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას.
2. ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელება მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებასა და ინიციატივას, მათ შორის: ა) პროექტების იდენტიფიცირებას, ტექნიკური დახმარებებისა და გრანტების განაწილების სქემების განსაზღვრას; ბ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შენობების ენერგოეფექტურობის მარეგულირებული ნორმების მიღებას, მათ შორის, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების წესის დამტკიცებას, მშენებლობის სექტორში კვალიფიკაციის ამაღლებას; გ) საზოგადოების საქმიანი წრეების ცოდნის გაღრმავებას, ენერგოაუდიტისა და ენერგომენეჯმენტის სისტემისთვის წესების დადგენას და ენერგოაუდიტორებისა და ენერგომომსახურების მიმწოდებლების კვალიფიკაციის ამაღლებას; დ) ენერგოეფექტურობის შესახებ საბოლოო მომხმარებლების, მათ შორის, წარმოებისა და ვაჭრობის სფეროში არსებული მეწარმე სუბიექტებისა და ადმინისტრაციული ორგანოების, ცოდნისა და გამოცდილების დონის ამაღლებას; ე) ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას; [ ე) ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას; (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] ვ) ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, რაც მოიცავს ქსელებში ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის დანაკარგების შემცირებას და ბუნებრივ გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების ეფექტურობის გაზრდას კომბინირებული ციკლის სადგურებზე გადასვლით; ზ) ენერგიის საბოლოო მოხმარების მოწყობილობების, მათ შორის, განათების, ავტომანქანების, ტუმბოების, ძრავებისა და საწარმოების საქვაბეების, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას; თ) ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით ფინანსური წახალისებისა და საგადასახადო შეღავათების განხორციელების მექანიზმების შემოღების ინიციირებას; ი) ზედამხედველობისა და ანგარიშგების მიზნით მრეწველობის, მშენებლობისა და სხვა შესაბამის სექტორებში კვალიფიკაციის, აკრედიტაციისა და სერტიფიცირების სქემების დანერგვას.
