1.I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
2.I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს.
3.65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია განცხადებას დაურთოს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) არსებულ საინჟინრო-საკომუნიკაციო არხებში, შახტებში, გვირაბებში, აგრეთვე არსებულ ბოძებსა და ანძებზე, ასევე, სხვა შენობა-ნაგებობებზე გაყვანა/მონტაჟის შემთხვევაში, თუ კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა არ საჭიროებს დამატებითი სამშენებლო სამუშაოების წარმოებას (მაგ.: თხრილების გაყვანა, არხების მშენებლობა, საყრდენი ბოძებისა და ანძების მონტაჟი და სხვ.) განცხადებას უნდა დაერთოს: ა) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო საკომუნიკაციო ნაგებობ(ებ)ის მესაკუთრეთა თანხმობა; ბ) კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანის/მონტაჟის ტრასის პროექტი; გ) ტოპოგრაფიული რუკა არსებული ინფრასტრუქტურის ჩვენებით.
5.გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელმა განცხადებას უნდა დაურთოს: ა) გარე რეკლამის განთავსების ნებართვა; ბ) გარე რეკლამის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით; გ) ნაგებობის ესკიზური ნახაზი.
6.საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 3 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ 2 -მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში უნდა დაერთოს განცხადებას: ა) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით; ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.
7.მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.
8.თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო განმცხადებელს პასუხს არ აცნობებს, მესაკუთრე ან/და მოსარგებლე უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობა.
9.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია განისაზღვროს დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია.
10.ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა. თავი XV II კლასის შენობა-ნაგებობები


