Статья 43. სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს შემადგენლობა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი
1. ხელმძღვანელი ორგანო შეიძლება იყოს ერთპიროვნული ან კოლეგიური.
2. თუკი ხელმძღვანელი ორგანო რამდენიმე წევრისგან შედგება, ისინი საკუთარი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევენ ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარეს, რომელიც ახორციელებს კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუ კანდიდატები თანაბარი რაოდენობის ხმებს მიიღებენ, ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე წილისყრით შეირჩევა.
3. კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა. თუ სხდომას არ ესწრება ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე, დამსწრე წევრები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ სხდომის თავმჯდომარეს.
4. ხელმძღვანელი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელ ხმათა უფრო დიდ რაოდენობას. ამ კანონით ან წესდებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ან/და ორგანოს არჩევისთვის ან ალტერნატიული წინადადების კენჭისყრისთვის წესდება შეიძლება ადგენდეს განსხვავებულ წესებს, მათ შორის, ითვალისწინებდეს ხმათა უფრო მცირე რაოდენობას. გადაწყვეტილების მიღებისას ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარის/სხდომის თავმჯდომარის ხმა, თუ ამ კანონით ან წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. ხელმძღვანელი ორგანოს წევრი შეიძლება იყოს ქმედუნარიანი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.
6. თუ საერთო კრება ან სამეთვალყურეო საბჭო ვერ დანიშნავს ხელმძღვანელი ორგანოს წევრს, რითაც სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობას არსებითი საფრთხე ექმნება, ერთ-ერთი პარტნიორის ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე სასამართლო ნიშნავს ხელმძღვანელი ორგანოს წევრის მოვალეობის შემსრულებელს იმ ვადით, რომელიც საჭიროა საერთო კრების ან სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ახალი წევრის დანიშვნისთვის.
7. ხელმძღვანელი ორგანო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. წესდება შეიძლება ადგენდეს გადაწყვეტილების მიღების განსხვავებულ წესს.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
