1.საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მისი გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას დეკრეტის თანახელმოწერის თაობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი დეკრეტი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან და მოქმედებს საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობით და ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან. დეკრეტი დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს პარლამენტი დეკრეტს ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ საქართველოს პარლამენტი დეკრეტს არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.
